თამბაქოს იმპორტიორებმა სიგარეტის გაძვირების მორიგი ტალღა დაიწყეს. მომხმარებლებს უკვე 20-დან 40 თეთრამდე გაზრდილი თანხის გადახდა უწევთ. ფასის ზრდის მორიგი ეტაპი კი გაზაფხულიდან დაიწყება და მაშინაც ამ ბიჯით მოიმატებს თამბაქოს პროდუქტის ღირებულება.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ჩამოუყალიბებელ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება, რომელმაც რამდენჯერმე გაზარდა აქციზის მოცულობა.
„მთავარი მიზეზი არის აქციზის რადიკალური ზრდა, რასაც ადგილი ჰქონდა იანვრის თვეში. 52%-ით გაიზარდა აქციზი და ეს გამოწვეულია იმ დაუგეგმავი სააქციზო პოლიტიკიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სააქციზო პოლიტიკა აუცილებელია“, - აცხადებენ იმპორტიორები.
ზოგიერთი დასახელების სიგარეტი თვენახევარში უკვე მეორედ გაძვირდა. საუბარია, „ფილიპ მორისის“ მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „ფილიპ მორისი“, „პარლამენტი“, „მარლბორო“, „ელემი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი უკვე 20 თეთრით გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთ თამბაქოს ჯიხურში განუცხადეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.
„თვენახევრის წინაც გაძვირდა „ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტები 20 თეთრით და ახლაც ამდენითვე გაძვირდა. როგორც ვიცით, ყველა უნდა გაძვირდეს“, - აცხადებენ ბითუმად მოვაჭრეები.
გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.
თამბაქოს პროდუქციაზე ფასი „ბრიტიშ ამერიქან თობაქომაც“ მოუმატა. როგორც ამ კომპანიის კორპორაციული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, საქმე არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრენდს, არამედ ყველა დასახელების პროდუქციას ეხება.
„ფასი გუშინ დილით გაიზარდა 20 თეთრით, თუმცა ეს გაძვირება საბოლოო არაა, შემდეგ წელს ფასები კიდევ აიწევს. ჩემი ვარაუდით, პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს. ჯერ 20 თეთრით მოიმატებს, შემდეგ კი - 20-30 თეთრით. ეს ყველაფერი გამოწვეულია არათანმიმდევრული პოლიტიკით და აქციზით. რა თქმა უნდა, ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. თუ პროცენტულ მაჩვენებლების მიხედვით განვსაზღვრავთ, 80-85% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10-15% კი - ინფლაციის და ლარის კურსის შედეგია“, - განაცხადა სხვიტარიძემ.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტზე ფასი პერიოდულად იზრდება, რადგან ეს კომპანიების ინტერესებში შედის, რათა მწეველების „გაძარცვა“ მოხდეს.
„თამბაქოს ინდუსტრია პერიოდულად უმატებს ხოლმე ფასს იმის გამო, რომ უფრო მეტი მოგება ნახოს და გაძარცვოს ჩვენი მოქალაქეები. ერთადერთი გონიერი გამოსავალი ისაა, რომ გავაკონტროლოთ თამბაქოს ინდუსტრია და უარი ვთქვათ ამ პროდუქტის მოხმარებაზე. მწეველთა რაოდენობა რომ მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ეს არის აბსურდული კვლევა, რომელიც არანაირ მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა“, - აღნიშნა ბახტურიძემ.