ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ვალი მოსთხოვა

ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ვალი მოსთხოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ, ტელემაუწყებლების დავალიანებებთან დაკავშირებით, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველ რიგში, აღშფოთდნენ იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე იხდიდნენ გადასახადებს.

ივანე მაჭავარიანის უწყებას ახალ წლამდე 1 კვირით ადრე გაახსენდა, რომ ტელეკომპანიებს ბიუჯეტის დიდი თანხა მართებთ და ამისათვის სპეციალური განცხადებაც გავრცელა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები.

ფინანსთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთან, საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.

ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ ტელეკომპანია დავალიანებას პირნათლად იხდის. რაც შეეხება ძველ დავალიანებას, კომპანია გადახდის გეგმა-გრაფიკს ფინანსთა სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

„1-ლი ოქტომბრიდან გადასახადებს ვიხდით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოვიბარეთ მენეჯმენტი, მიმდინარე გადასახადების გადახდა დავიწყეთ. იცით, რომ გვაქვს დაგროვილი დავალიანება და ამ ნაწილში შეიძლება ეხებოდეს ეს განცხადება „რუსთავი 2“-ს. ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა, ჯერჯერობით, საბოლოო შედეგამდე მისული არ ვართ. საკმაოდ დიდი თანხაა და არ გვინდა ისეთ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, რომელიც აპრიორი დაირღვევა. როგორც კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, გვექნება ჩვენი პოზიცია სამინისტროსთვის შესათავაზებლად, თუ რა ვადაში შევძლებთ წინა წლების დავალიანების გადახდას.

რა თქმა უნდა, დავალიანების გადანაწილება უნდა მოხდეს. ამხელა თანხის ერთბაშად დაფარვა შეუძლებელია. სამინისტრო თავის ფუნქციას ასრულებს და ითხოვს გადასახადების გადახდას იმ ვადაში, რაც გაწერილია კანონმდებლობით. მათი მოთხოვნა კანონშესაბამისია, დანარჩენი, რა როგორ მოხდება და ვინ როგორ აღასრულებს, ეს უკვე გამოჩნდება“, - განუცხადა „ბიემს“ სალიამ.

ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ნინუცა პავლიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია „იმედს“, „ჯიდიესს“ და „მაესტროს“ ინკასო არ ემუქრებათ.

„ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ჩვენს თავზე არ მიგვიღია, ვინაიდან როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარე დავალიანებებთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გადახდა და 1 ოქტომბრიდან დავალიანებებს ვიხდით კანონის შესაბამისად“, - განაცხადა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, იურისტის განმარტებით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან ტელეკომპანიები თანამშრომლობენ.

„დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა როგორც გავარკვიე, შედგა შეთანხმება და 2020 წლიდან უნდა დავიწყოთ გადახდა ამ ძველი დავალიანებების, ხოლო მანამდე მიმდინარეებს ვიხდით ჩვეულებრივად“, - განაცხადა პავლიაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ტელემაუწყებლებს, ისინი სამინისტროს პოზიციით უკმაყოფილონი არიან. „ტვ პირველში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე დავალიანების რამდენიმე კვირით გადავადების თხოვნით, კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს მიმართა.

„ბოლო 5 წლის მანძილზე რამდენ რამეში შეგვეშალა ხელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს, მაშინ როცა მილიონობით საბიუჯეტო დავალიანებას აგროვებდნენ სხვა არხები. არათანაბარ პირობებში ვიყავით რამდენიმე წელი. ტელევიზიებს 20 და 30-მილიონიანი დავალიანებები აქვთ და ჩვენ უნდა დაგვადონ ინკასო?! ჩვენ გვაფრთხილებენ?! მაქვს ძალიან დიდი პროტესტი, რომ ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არავის უპატიებია ჩვენთვის, პატიოსნად ვიხდიდით ყველაფერს. ამისთვის მადლობაც ხომ გადაგვიხადა მინისტრმა (იგულისხმება ვანო მაჭავარიანი)... ნამდვილად დავიმსახურეთ ეს მადლობა. ახლა კი აღშფოთებას იწვევს ის, რომ წლის დახურვამდე შვიდი სამუშაო დღით ადრე გვეუბნებიან, რომ მიმდინარე დავალიანება გადაიხადეთო, მაშინ როდესაც ჩვენ მიმართული გვაქვს წერილით, რომ მიმდინარე გადაგვივადონ იანვრის შუა რიცხვებამდე“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

„თუ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ჩემს ტელევიზიას გულისხმობენ, ძალიან შეშლიათ“, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა სამინისტროს განცხადებას. როგორც ირკვევა, ტელეკომპანია „კავკასიას“ გარკვეული დავალიანება აქვს, მაგრამ იგი გადასახადების გადახდას მხოლოდ ერთი კონკრეტული პირობით დაიწყებს.

„მე არ ვიცი, ვის გულისხმობდა ფინანსთა სამინისტრო. წესით, უნდა იგულისხმოს ის ტელევიზიები, ვისაც დავალიანებების სახით მილიონები აქვს დაგროვილი. მე თუ მგულისხმობდა, ძალიან შეშლია. აგვისტოში გამოვაცხადე, რომ ვიდრე არ გაირკვევა იმ 55 მილიონი ლარის ბედი, რა დავალიანებაც აქვთ ტელევიზიებს, იქამდე მე ჩემს დავალიანებას არ გადავიხდი. ახლაც იგივეს ვაცხადებ. ჯერ მითხრან, როდის იხდის „იმედი“ იმ 19 მილიონს, რაც 14 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდა. მითხრან, რამდენი აქვს „რუსთავი 2“-ს ვალი და როდის იხდის 27 მილიონს, ასევე როდის იხდის „მაესტრო“ 8 მილიონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ ყველგან ვუჩივლებ, სადაც შესაძლებელი იქნება. ეგრე სად არის, იმათ მილიონები დააგროვებინონ და მე ულტიმატუმები წამიყენონ. სანამ „იმედი“, „რუსთავი“ და „მაესტრო“ ბოლო თეთრამდე არ გადაიხდიან დავალიანებებს, იქამდე ბიუჯეტში არაფერს გადავიხდი. რატომ აიღო ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ათვლის წერტილად 1 ოქტომბერი და არა - მაგალითად 15 ან 17 ნოემბერი, მე არ ვიცი, ეს არის თავის მასხრად აგდება“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ფინანსთა მინისტრს თავმოყვარეობა აქვს და თანამდებობას პატივს სცემს, უნდა დაიბაროს ტელევიზიები და განუმარტოს, რას აპირებენ.