დუტა სხირტლაძე ყველაზე მაღალანაზღაურებადია

დუტა სხირტლაძე ყველაზე მაღალანაზღაურებადია

(იბეჭდება შემოკლებით)

არაოფიციალურად, ქართველ მომღერალთა ჰონორარები ასე განისაზღვრება.

კორპორაციულ საღამოზე ლელა წურწუმიამ შესაძლოა, ერთ - ორ სიმღერაში 700 აშშ დოლარი მიიღოს, დახურულ კონცერტზე კი - 5 ათასი.

ქართულ რეალობაში, ეს ყველაზე მაღალი ჰონორარია, გასაკვირი არცაა, პოპულარობა და მომღერალზე არსებული მოთხოვნილება ფასსაც განსაზღვრავს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი, ვინც ცოტა ნაკლებს იღებენ, ნაკლებად პოპულარულები არიან. მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია.

მერაბ სეფაშვილი ერთ სიმღერაში 200 აშშ დოლარს იღებს, დათო გომართელი - 200-300 ან 4-5 სიმღერაში ათას დოლარს. ლიზა ბაგრატიონის ჰონორარი დაახლოებით 200-300 დოლარს შეადგენს, ნატო მეტონიძის - 500-ს, ეკა მამალაძის - 250-300-ს, ნუკრი კაპანაძის კი - 200-300 დოლარს. აჩიკო მეფარიძის ჰონორარი 200-300 დოლარით განისაზღვრება, ნატო გელაშვილის - 200-ით, გიო ხუციშვილი სიმღერაში 300 დოლარს იღებს. ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის ჰონორარები 200-200 აშშ დოლარია, იგივე თანხას ითხოვს ნეკა სებისკვერაძეც.

ანსამბლების შემთხვევაში გადახდის სისტემა იცვლება, მაგალითად, „ფესვების“ გამოსვლაში, ორ სიმღერაში კაცზე, შესაძლოა, 50-100 აშშ დოლარი მოითხოვონ, „ფორტე“ თითო წევრზე 100 დოლარს იღებს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არაკომერციული მომღერლების სიაც არსებობს, სადაც თიკა ფაცაცია, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, ქრისტინე იმედაძე და სხვები შედიან, შესაბამისად, მათი ჰონორარიც დაბალია.

კონცერტის წამყვანებში, შოუმენებში ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი დუტა სხირტლაძეა. როგორც „ქრონიკისთვის“ გახდა ცნობილი, მისი ჰონორარი ერთ საღამოში 1000-3000 აშშ დოლარია. ნიკა ლომიძე, ზუზუ და სხვები კი დაახლოებით 500 დოლარს ითხოვენ.

საინტერესოა, იხდიან თუ არა გადასახადებს მომღერლები. როგორც გაირკვა, გადასახადების საკითხი მთლიანად კონცერტის, ან წვეულების ორგანიზატორის პრობლემაა. ოფიციალურ გადასახადს ის იხდის, მომღერალი კი სუფთა ჰონორარს იღებს. ასეთი მოლაპარაკება წინასწარ ხდება და შემდეგ პრობლემებიც აღარ იქმნება.

აი, ასე გამოიყურება ქართული, ეგრეთწოდებული შოუბიზნესური, საჰონორარო სისტემა.

დასავლეთში თუ ჰონორარებს მილიონობით ითვლიან, რუსეთში კი ათეული ათასებით, საქართველოში ამ თანხებს მხოლოდ ასეულებით საზღვრავენ. ალბათ, ამიტომაცაა, ქართველ მომღერლებს თვალი უცხოეთისკენ რომ უჭირავთ.