მთის სოფლებში მოსახლეობას მთავრობის შეღავათები ამაგრებს

მთის სოფლებში მოსახლეობას მთავრობის შეღავათები ამაგრებს

მთავრობა ცდილობს მთიანი რეგიონებისთვის ახალი შეღავათები მოიფიქროს, თუმცა სოფლების დაცლას მაინც ვერაფერს უხერხებს. ამჯერად ხელშეწყობა ადგილობრივი მეწარმეობის კუთხით იგეგმება. რამდენად გაამართლებს გრანტების პროგრამა, ჯერ უცნობია.

„აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის, ახალი ინიციატივის მიხედვით მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიკროგრანტები გამოიყოფა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროექტში შეტანილ ცვლილებებზე და მის აუცილებლობაზე საუბრობს.

„შეღავათები შემოგვაქვს მაღალმთიანი რეგიონებისთვის და მიკროგრანტების კომპონენტი ითვალისწინებს გარკვეულ მცირე, მაგრამ მაინც თანადაფინანსებას. მაღალმთიან რეგიონებში ადამიანებისგან ორჯერ უფრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება მოთხოვნილი, ვიდრე სხვა რეგიონებში“, - განმარტა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველა თავისი კომპონენტით იქნება ეს სესხის პროცენტის თანადაფინანსება, ლიზინგის თანადაფინანსება თუ მიკროგრანტების მიწოდება, მოსახლეობისთვის არის ორიენტირებული ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობაზე.

„რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით გვინდა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, პროგრამა ორიენტირებულია ექსპორტის წახალისებაზე, ჩვენი, ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ამაღლებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-18 წლებში მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია. ჯამში დაფინანსებულია 9 384 ბენეფიციარი.

სპეციალისტები მთის სოფლებისთვის დადგენილ მორიგ შეღავათს არაფრად მიიჩნევენ. პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ თურნავას ახალი ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს და მოსახლეობას მაღალმთიან რაიონებში ვერ დააკავებს.

„თუ გვინდა რამე გაკეთდეს მაღალმთიან სოფლებში, მას ფუნქცია უნდა დავუბრუნოთ. საქართველოს მთიანეთს ისტორიულად სამი ფუნქცუია ჰქონდა: თავდაცვითი, სასაზღვრო, აგრარულ-კულტურული. საბჭოთა კავშირში და მანამდე რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ პირველი და მეორე ფუნქციები დაიკარგა, დარჩა მარტო აგრარული, მაგრამ ეს ფუნქციაც დაიკარგა 50-იან წლებში. საქართველოში მთაში მცხოვრები კაცი, პრაქტიკულად, უფუნქციო აღმოჩნდა.

გლეხკაცი აყაროს სოფლიდან ეს არის კომერციული სახელმწიფოს ამოცანა. მთავრობას უნდა საქართველოს მოსახლეობა მოაქციოს რამდენიმე ქალაქში ან გაისტუმროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სასაცილოა ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, წარმოდგენა არ აქვს სოფლებში რა ხდება და რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კოღუაშვილმა.

სოფლებს საქართველოში, ძირითადად, ერთი და იგივე მიზეზით ტოვებენ: უმუშევრობა, ცუდი ინფრასტრუქტურა, მძიმე გარემო პირობები, უწყლობა, უშუქობა. ტრადიციულად მთის რეგიონებში მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენს, მაგრამ ამ მხრივ ახლა ვითარება გართულებულია. 2014 წლის აღწერის თანახმად, განსაკუთრებული ცვლილება სოფლების მოსახლეობამ განიცადა. 2002 წელთან შედარებით, 2014 წელს სოფლებში მოსახლეობამ 23.7 პროცენტით დაიკლო.

მთიდან ბარში მიგრაცია ახლა არ დაწყებულა. ეს პროცესი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს 1960-იანი წლებიდან აზვირთდა. მაშინ აღმოსავლეთ მთიანეთიდან, ძირითადად, მეტალურგიურ ქალაქ რუსთავში ჩამოდიოდნენ და ქარხნებში იწყებდნენ მუშაობას, დასავლეთ მთიანეთიდან კი - ქუთაისში. ახალი მიგრაციულ ტალღა კი 1090-იანი წლებიდან დაიწყო, ამჯერად უკვე ნებაყოფლობით, მთაში ცხოვრების სირთულის გამო.