გია ბარამიძე - „ჩვენი თანაგუნდელების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ არის სწორი“

გია ბარამიძე - „ჩვენი თანაგუნდელების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ არის სწორი“

(იბეჭდება შემოკლებით)

ბატონო გია, ნაციონალურ მოძრაობას ბევრი ცნობილი წევრი დღეს რატომღაც გადამალული ჰყავს - საკადრო შეცდომებს მიხვდა თუ არჩევნების შემდეგ ყველანი ისევ გამოჩნდებიან?

- თუ სიაში არ შეიყვანენ, როგორ გამოჩნდებიან? სულ მალე ნაციონალური მოძრაობა თავის პარტიულ სიას საჯაროს გახდის და ნახავთ, როგორი გადაწყვეტილებებიცაა მიღებული. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას აპირებს, რაც სავსებით ბუნებრივია.

ნიჭიერი და სხვებზე ბევრად ჭკვიანი პირები აღარ იქნებიან საარჩევნო სიაში, მაგრამ მაინც გააკეთებენ იმ საქმეს, რისი გაკეთებაც კარგად შეუძლიათ. რაღაც მიზეზთა გამო საზოგადოებას აღიზიანებდა ზოგიერთი მათგანი და პრეზიდენტმა ეს გაითვალისწინა.

ფიქრობთ, რომ გაღიზიანება უსაფუძვლო იყო? იქნებ სწორედ იმ „ნიჭიერი და სასარგებლო“ პირების სიხისტე და აგრესია აღმოჩნდა მიუღებელი?

- საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვა ამა თუ იმ განცხადებების მოტივი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი თანაგუნდელის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ არის სწორი და ადეკვატური. ისინი ნამდვილად ჭკვიანები, პატრიოტები და ქვეყნისთვის სასარგებლონი არიან, მაგრამ რადგან ხალხს განახლებული გუნდი უნდოდა, პრეზიდენტმა ეს გაითვალისწინა.

გამოდის „ჭკვიანები და საჭირონი“ უსამართლოდ „დაიჩაგრნენ.“

- პოლიტიკოსებს ხშირად უსამართლოდ გვლანძღავენ. ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც გამიგია ბევრი ჭორი, გესლიანი სიტყვა და გამონაგონი. 20 წელია პოლიტიკაში ვარ და ათასი მხრიდან მომიარეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა, ისევ ჩემს თანამდებობაზე ვარ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ სხვებზე ღირსეული და პატრიოტი ვარ. პოლიტიკოსს ლუპით უმზერს საზოგადოება, ნათქვამია, ლაქები მზესაც აქვსო, - არც ერთი ადამიანი არ არის უცოდველი და უნაკლო.

ოპოზიცია აცხადებს, თარხნიშვილის ცესკოსგან სამართლიან არჩევნებს არ ველით და ამიტომაც 22 მაისიდან სახალხო აჯანყებას ვიწყებთო...

- ეს განცხადებები არასწორი, სახიფათო და ქვეყნისთვის საზიანოა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შესაძლოა, ასეთ განცხადებას აჯანყებისაკენ მოწოდების კვალიფიკაცია მიეცეს, ეს კი კანონმდებლობით ისჯება. რატომ არწმუნებს ოპოზიცია მოსახლეობას, რომ არჩევნები უსათუოდ გაყალბდება? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ წინასწარ იცის, - დავმარცხდებითო. ოპოზიციას არ ძალუძს, ღირსეულად აღიაროს დამარცხება.

ხალხის ქუჩაში გამოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებში პრობლემა არ არის. სარკოზი რომ აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინაც გამოვიდა ხალხი ქუჩაში და მანქანებიც დაწვეს, მაგრამ ვინც მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, მათთვის ხელი არ უხლიათ. უკმაყოფილების გამოხატვის უფლება ხალხს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

მაგრამ ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლაზე კი არა, სახალხო აჯანყებაზე ლაპარაკობს.

- ძალადობა თუ დაიწყება, ხელისუფლება კანონის თანახმად იმოქმედებს.

ე.ი. წინ კიდევ გვაქვს 7 ნოემბერი?

- ახლა ხომ თანდათან ირკვევა, რა იდგა 7 ნოემბრის უკან და ვინ აფინანსებდა ნოემბრის აქციებს? როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ამხელა საფრთხე ემუქრება, როგორ ლაპარაკობს ოპოზიცია აჯანყებაზე?! როდესაც უდიდესი გარე საფრთხე გვემუქრება, ქვეყნის შიგნით აჯანყებაზე ლაპარაკი არ არის ციხის შიგნიდან გატეხა?! ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც უნდა მოექცეს ციხის შიგნიდან გამტეხებს.

ვინც ძალადობას მიმართავს ხალხის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, მას კანონის შესაბამისად დაუპირისპირდება ხალხისგანვე არჩეული ხელისუფლება და იმ საშუალებებს გამოიყენებს, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. ასე ხდებოდა დავით აღმაშენებლის დროსაც და ასევე მოხდება 21 - ე საუკუნეში, დემოკრატიის დროსაც.

ანუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, შესაძლოა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოვლენები საქართველოშიც განვითარდეს?

- აბა, თქვენ რა გამოსავალს მთავაზობთ?

მე თქვენგან, ხელისუფლების წარმომადგენლისგან, მინდა მივიღო პასუხი.

- ეს არ არის ისეთი გამოსავალი, რომელზედაც ვიოცნებებდი, მაგრამ სხვა გზა თუ არ არსებობს? როდესაც კრიზისის დაძლევის მხოლოდ ერთი საშუალება გაქვს, იძულებული ხარ, მას მიმართო. რუსეთი საქართველოს დამონებას ცდილობს და მაშინ რომ იტყვი, აჯანყებას მოვაწყობო, არ ხარ მოღალატე? საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხვდება ვაი - ოპოზიციონერების ზრახვებს.

გამოდის, ოპოზიცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?

- ღმერთმა დამიფაროს, მთელ ოპოზიციაზე ასე ვფიქრობდე. ოპოზიციის დიდი ნაწილი პატრიოტია, მაგრამ მისი 10 %-ც თუ იქნება მოღალატე, ესეც საკმარისია ქვეყანაში სიტუაციის ასარევად. ძალადობასა და ციხის შიგნიდან გატეხვას არ დავუშვებთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად რთულ ვითარებაში ვართ. ნურავის ეგონება, იმას, რაც ხდება, ყურს იქით გავატარებთ, წაყრუებით დაგვექცევა ოჯახი და ქვეყანა აღარ გვექნება.