სამშენებლო მასალების ხარისხი სულ უფრო ეცემა

სამშენებლო მასალების ხარისხი სულ უფრო ეცემა

საქართველოში უხარისხო სამშენებლო მასალების საკითხი ისევ და ისევ მოუგვარებელია. ის კი არადა, რაც დროს გადის, პრობლემა უფრო მწვავდება. ხარისხის თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა არმატურისა და ცემენტის კუთხით, თუმცა არც სხვა მასალებია უკეთესი.


„საქართველოს ცემენტის ასოციაციის განცხადებით“, 2019 წლის ნოემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ივლისის ტესტირების შემდეგ, პროდუქციის ხარისხი გააუარესა.


ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდათერთმეტი სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. ცხრა ნიმუშიდან ექვსი ადგილობრივი პროდუქციაა, სამი იმპორტირებული, კერძოდ, თურქული.


შემოწმებული ოცდათერთმეტი ნიმუშიდან ოცდაორმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. „საქართველოს ცემენტის ასოციაციამ“ მერვე ფარული ტესტირება 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს შვიდ ქალაქში შეძენილ ცემენტს ჩაუტარა. მათი ინფორმაციით, შეფუთული ცემენტი თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და ქუთაისში შეიძინეს.


„ბოლო ტესტირებით მიღებული შედეგები არის საგანგაშო. ბოლო შემოწმების შედეგებით მხოლოდ 4 ადგილობრივი მწარმოებლის 6 პროდუქტი და 2 იმპორტიორის 3 პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენი 12 მწარმოებლის ყველა პროდუქტი იმაზე დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ეს მითითებულია მათ შეფუთვაზე და არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, არის ნიმუშები, რომელთაც შეგვიძლია პირდაპირ ითქვას, რომ არანაირი საერთო არ აქვთ ცემენტთან და ხშირად ვერც კი ხერხდება მათი ფიზიკო-მექანიკური გამოცდა, რადგან უბრალოდ ინერტული მასაა და მეტი არაფერი“, - აღნიშნავენ ცემენტის ასოციაციაში.


„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ვარაუდით, წლიურად დაბალი ხარისხის ცემენტის რაოდენობა, რომლის რეალიზაციაც ქართულ ბაზარზე ხდება, შესაძლოა, 350 000 ტონას აღწევდეს, რამაც შეიძლება 150 000-მდე მოქალაქეს შეუქმნას პრობლემა.


ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამშენებლო მასალებია (არმატურა, ცემენტი, ასევე წყლისა და გაზის მილები, საღებავი, წებო ცემენტი და მეტლახი), რასაც ესა თუ ის კომპანია მშენებლობისას იყენებს.


„მშენებელთა ლიგის“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ სამშენებლო სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა უხარისხო და უკონტროლო მასალებია. თუ არმატურა, ცემენტი, ასევე სარემონტო საშუალებები არ მოწმდება და საეჭვო წარმოშობისაა, ის საშიშ დაავადებებს იწვევს და ამის გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება.


სპეციალისტი აქცენტს ნივთიერება რადონზე აკეთებს და ამბობს, რომ ის დასავლეთში დიდი ხნის წინ შეისწავლეს, საქართველოში კი ყურადღებას არ აქცევენ.


„თუ შენობაში რადონის დონე მაღალია, უბრალოდ ალერგიებს ან სერიოზულ გართულებებს კი არა, მძიმე სიმსივნურ დაავადებებსაც იწვევს. ამიტომ მის დონეს სამშენებლო მასალებში განვითარებული ქვეყნები 20-30 წელია უკვე ამოწმებენ. საქართველოში დიდი ხნის მანძილზე გაურკვეველი ხარისხის სამშენებლო მასალები შემოდიოდა, რადგან ამ სფეროს არავინ ამოწმებდა. კონტროლი როგორც საბაჟოზე, ისე სავაჭრო ქსელებში მოშლილი იყო“, - აცხადებს საკანდელიძე.


ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო ცემენტის რეალიზაცია შესაძლოა, შენობების მდგრადობას უქმნიდეს საფრთხეს.


„ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამავე მწარმოებლების მიერ წარმოებული ნაყარი ცემენტის შემოწმება, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნიმუშების აღება უშუალოდ მათი ქარხნებიდან, რისი სურვილიც მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ იგივე, დაბალი ხარისხის ცემენტი მიეწოდებოდეს ზოგიერთ ბეტონის ქარხანას და საფრთხე შეიქმნას მაღალ სართულიანი შენობებების მგრადობის კუთხით“, - აღნიშნვენ ცემენტის ასოციაციაში.