სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდებს შორის განხეთქილების მიზეზი, შესაძლოა, პარლამენტში ინიცირებული  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი გახდეს, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. აღნიშნული სამსახური 1994 წლიდან, ანუ დაარსებიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ქვეშ იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. ამასთან, პროექტით, ამ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხას ასევე მთავრობა დაამტკიცებს. გარდა ამისა, ინიციატივით, აღნიშნული სამსახურისთვის კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება მხოლოდ მთავრობის სამართლებლივი აქტით იქნება შესაძლებელი.

უმრავლესობა არ მალავს, რომ ცვლილებები ნაწილობრივ პოლიტიკური კუთხით მომზადდა, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა და პასუხისმგებლობის მთავრობაზე გადატანა მოხდეს. უმცირესობის შეფასებით კი, ოპონენტები პრეზიდენტის პროვოცირებას ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვარაუდობენ, რომ ამ კანონპროექტს, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს.

იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნული უფლებამოსილების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა განპირობებულია მთავრობის, როგორც ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონსტიტუციური ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვანი შესრულების აუცილებლობით.

 „ამ მიზეზის გარდა, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებაში პოლიტიკური ნაწილიცაა“,  - განუცხადა  for.ge -ს იმერლიშვილმა.

უმრავლესობის მიერ წარდგენილ ინიციატივაში პოლიტიკურ კვალს ხედავს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი. კანონმდებლის განცხადებით, ცვლილება პოლიტიკურია, რადგან დაცვის სახელმწიფო სამსახური დაარსების დღიდან პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშ იყო.

მისი თქმით, ახალი მთავრობა ყველა ძალოვან უწყებას აკონტროლებს, თუმცა, დაცვის სამსახური ნეიტრალური და მიუკერძოებული უნდა იყოს.

„მათი მცდელობაა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, რომელიც მისი კომპეტენცია არ არის. ფაქტიურად, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა და  რა კომენტარი უნდა გააკეთო? როცა, ეს ადამიანები საკრებულოებში იჭრებიან და მიდის - გადაბირება,  მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა, რა უნდა ვთქვა? როცა პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ ხალხს დემოკრატიით გააოცებდა, თქვენ უკვე ნახეთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი  გაოცებულია, ასევე გაოცებულია ჟოზე მანუილ ბაროზოც და გაოცებულთა რაოდენობა იზრდება“, - განუცხადა  for.ge-ს დეპუტატმა.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ოპონენტები ამ ცვლილებებით, პრეზიდენტის გამოწვევას ცდილობენ, რომ ინიციატივას ვეტო დაადოს.

„ქართული ოცნების“ კომპლექსური მიდგომაა, რომ გეგმაზომიერად მმართველობის ყველა შტო და სტრუქტურა თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. მაგალითად, წალკაში პარტიული წარმომადგენლები ხელისუფლების აღებას ცდილობენ. ასევე საპრეზიდენტო შტოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ართმევენ. პრეზიდენტს  აიძულებენ, რომ  თანამშრომლობიდან არათანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ  პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს და მათ ვეტოს გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ. ვფიქრობ, რომ ამ კანონს მიხეილ სააკაშვილი ვეტოს დაადებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშაა. არ შეიძლება სამთავრობო დაცვა ერთი პარტიის მმართველობის ქვეშ იყოს. ფაქტია, რომ ეს არის ხელოვნური მცდელობა, პრეზიდენტი დაპისპირებასა და ვეტოზე გამოიწვიონ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ, ალბათ, პრეზიდენტი ამას ხელს არ მოაწერს. ეს არის პროვოცირება დაპირისპირებისა“, - განუცხადა  for.ge-ს ბობოხიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ძალიან მალე ქვეყნის მართვის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს ძალზედ შეკვეცილი უფლებები ექნება, მაგრამ უმრავლესობა მოვლენებს 7-8 თვით ასწრებს და პრეზიდენტს განუსაზღვრელ ძალაუფლებას გარკვეულწილად უკვეცავს.  

„გვინდა, რომ პასუხისმგებლობა მთავრობაზე გადმოვიტანოთ. როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, რამდენიმე კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოიცა, რომლითაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია მთავრობის ნაცვლად, პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში გადავიდა.  ერთ-ერთი იყო - ეკონომიკის სამინისტროდან სპეციალური კავშირის სამსახურის გამოყოფა. ასევე, ლევან ვარშალომიძემ, მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური არჩევნები წააგო, ვერაგული გადაწყვეტილება მიიღო და  არცერთ სახელმწიფო ობიექტს სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ დაუტოვა. ეს არ არის საბოტაჟი? არ ვსაუბრობ, დაბურულ მინებიან დაცვის სამსახურებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ბევრი ჰყავდა. თეა წულუკიანისგან ვიცი, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს გადაადგილებისას სპეცდანიშნულების რაზმი ემსახურებოდა. რატომ? - ეტყობა, ბატონ ზურას  ხალხთან ურთიერთობის ეშინოდა. მიქარული ჰქონდა რამე?  ნეტავ, ამიტომ ხომ არ არის გაქცეული? იქნებ ჩამოვიდეს და ქართველი ხალხის წინაშე წარსდგეს. დაცვის სამსახური სახელმწიფო პირებსა და ობიექტების დაცვას ემსახურება და არა ერთ თავქარიან ადამიანს, რომელიც ავლაბრის ჩაბნელებულ რეზიდენციაში არის გამოკეტილი. მან 31 სექტემბერს დაიძინა და 1 ოქტომბერს სხვა ქვეყანაში გაიღვიძა. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დღეს, იატაკზე ფეხის დაბიჯებისაც ეშინოდა“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი  უფლებამოსილია დადგენილ ვადაში კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს და იგი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს კანონპროექტის სახით. პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს მიიღებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს 7 დღის ვადაში აქვეყნებს. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭი ეყრება და კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში კანონი არ გამოაქვეყნა, მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს და 5 დღეში  საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს.

ამ პროექტს თუ მართლაც პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, პროცესები კანონის შესაბამისად წარიმართება. უმრავლესობას კი, ვეტოს დაძლევა პრობლემად არ მიაჩნია, რასაც აკაკი ბობოხიძეზე ვერ ვიტყვით. კანონმდებელი ვარაუდობს, რომ  უმრავლესობას ვეტოს დაძლევის შანსი არ აქვს.

პარლამენტში პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. უმცირესობა კი, განხილვებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და სწორედ საკომიტეტო მოსმენებისას გაირკვევა კანონპროექტის ბედი.