„კანონგარეშედ გამოცხადება შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს“

„კანონგარეშედ გამოცხადება შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს“

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნამდვილი დემოკრატიაზე დაიწყო ლაპარაკი:

„...პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა“, - განაცხადა რასმუსენმა. 
მისივე თქმით, ნატო მოუწოდებს ყველა პარტიას, განაგრძონ ასეთი წინსვლა და მოახდინონ დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას. მაგრამ ნადვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაზე სააკაშვილსაც ვესაუბრე. ორივეს მოგიწოდეთ, კონსტიტუციის ფარგლებსა და თანაცხოვრების პირობებში გეთანამშრომლათ ერთმანეთთან დარჩენილ თვეების განმავლობაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის“, - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველო დგას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და ის აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. 
რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კონსოლიდირებას და ქვეყნის ერთად მართვას, ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, რამდენად არის შესაძლებელი, საქართველომ გაითვალისწინოს დასავლეთის რჩევა და სახელმწიფოს მართვა ერთად განახორციელოსნაციონალურმა მოძრაობამ“ და  „ქართულმა ოცნებამ“?

-ერთად მართვა გამორიცხულია, რადგან ფუნდამენტალური განსხვავებებია მათ შორის მართვის სტილშიც და სახელმწიფოს განვითარების ხედვებშიც. ჩვენ ვიხილეთ ნაცმოძრაობის მართვის სტილი, მათი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობისადმი, ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მათი მისწრაფებები და სტილი აბსოლუტურად განსხვავებულია.

თეთრი და შავი ერთ მიზანს ვერასოდეს ვერ ემსახურება, თუ  ფერები აირევა, საბოლოო ფერიც სრულიად განსხვავებული იქნება - ჭუჭყიანი, რომელიც რეალურად არაფრის მომცემი არ იქნება.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ „ოცნების“ იმ გაცხადებულ პროგრამასა და რიტორიკაზე, რისი გატარებაც სურთ, უბრალოდ, შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აქამდე სრულიად განსხვავებულად მართა. ძნელია მათთან ერთად მიაღწიო იმ იდეალებს, რაც არის „ოცნების“ პროგრამაში ასახული. ბუნებრივია, დასავლეთი სწორედ ამას ელოდება. გახსოვთ, ალბათ, ფილმია ასეთი - „კარგი და ცუდი“. კონკრეტულად არ მინდა ვილაპარაკო კარგზე ან ცუდზე, დრო გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ პროგრამებითაც და სტილითაც გაცხადებულია, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე დგას ეს ორი პარტია.

ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა უკვე ვიხილეთ, „ქართულ ოცნებას“ კი იმ კრიტერიუმებით ვაფასებ, რაც მას გაცხადებული ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში. გარდა ამისა, მთელი ეს ჩემი რიტორიკა თვითონ ბიძინა ივანიშვილის პიროვნებიდანაც გამომდინარეობს.

მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც ადგილობრივი მმართველობანაციონალური მოძრაობის“ ხელშია. გარდა ამისა გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მმართველობის რეალური, 5-წლიანი ვადა ეწურება მომავალი წლის იანვარში, თუმცა ის პრეზიდენტად რჩება კიდევ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერით თუ ვიმსჯელებთ, ამას ემხრობა დასავლეთიც. თუ ვამბობთ, რომ ეს ორი ძალა ერთდროულად ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს, რაში უნდა ვეძებოთ გამოსავალი?

- ფაქტობრივად, 6 წელი გამოდის, აქ არ არის ლაპარაკი 1 ან 2 თვის დამატებაზე. როდესაც მიხეილ სააკშვილის პარტიამ შეიტანა განაცხადი, რომ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი კონსტიტუცია ითვალისწინებდა 5-წლიან საპრეზიდენტო ვადას. შემდგომში სამართლებრივად რომ  განვიხილოთ, პარლამენტში უმრავლესობის უზურპაცია მოხდა და დეპუტატების მხრიდან ფაქტობრივად, უფლებამოსილების გადამეტებით გაიზარდა საპრეზიდენტო ვადა.

გავყვეთ უცხოელების ლოგიკას. დასავლეთი საუბრობს იმაზე, რომ კი მიიმატა ვადა, მაგრამ რაკი ასე წერია კონსტიტუციაში, აცალეთ ვადის ამოწურვამდეო. ერთი კითხვა მიჩნდება დასავლეთის მიმართ - საქრთველოს პარლამენტს რომ 2013 წლის ოქტომბერში ჩაეწერა ასეთი რამ - ვინაიდან მიხეილ სააკშვილზე უკეთ არავინ იცის, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და ვინაიდან  საქართველო მუდმივად არის რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა უნდა გახანგრძლივდეს 2033 წლამდე - ასეთი ჩანაწერი რომ ყოფილიყო კონსტიტუციაში, მაშინაც იტყოდა დასავლეთი, რომ რაკი ჩაიწერა კონსტიტუციაში, უნდა დაიცადოთო?

უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები. თუ სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ, ეს არის უფლებამოსილების გადამეტებით ხელისუფლების მითვისება. მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესის ფარგლებში, დასავლეთი აცხადებს, სიტუაცია რომ არ გამწვავდეს, არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდესო.

ოქტომბერში რომ იყოს არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტს, იმ ბერკეტებით, რაც მას გააჩნია, ხომ შეუძლია, რეალურად შეუშალოს ხელი იმ ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა არჩევნებით გაცილებით გვიან. გამოდის, რომ მისი ლეგიტიმაცია ბევრად მაღალია, ვიდრე სააკააშვილის, რადგან 5 წლის წინ ვინც სააკაშვილს მისცა ხმა, დღეს შესაძლოა, ის „ოცნების“ მხარდამჭერია. აქ უკვე ლაპარაკია იმაზე, რომელი ხმა უფრო წონადია.

იმ მოსაზრებასაც ვეთანხმები, რომ ვადების ხშირ-ხშირად ცვლა არ უნდა იყოს. დავუშვათ და მივყვეთ ლოგიკას და რეალურად ვთქვათ, რომ აღარ გვსურს კონსტიტუციას დამატებითი პრობლემები შევუქმნათ, იყოს არჩევნების დღე 1 ოქტომბერი. კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ჩნდება კითხვა - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე, ანუ საპრეზიდენტო ვადის მითვისების პერიოდში უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ისეთივე ფართო უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრული იყო 5-წლიან ვადაში? მე მიმაჩნია, რომ არ უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, პარლამენტმა იმსჯელოს არა ვადის გადმოტანაზე, არამედ იმ უზურპირებულ ვადაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზე. ასეთი კანონპროექტის შემუშავება უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე ვადის გადმოწევა.

ერთია, რომ  დიახ, ხელისუფლების მითვისება მოხდა, მაგრამ რომ ჰყავდეს კიდეც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნებას“, ახალი ხელისუფლება მაინც ვერ მოასწრებს, 20 იანვარს ჩაატაროს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.

ასე რომ, ვადის გადაცილებას უკვე აქვს ადგილი და იმის გამო რომ ქვეყანაში კრიზისი არ შეიქმნას, ახალ ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, განახორციელოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა, მოიყვანოს ის სისრულეში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სასურველია, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეეკვეცოს. მითუმეტეს, რომ 2013 წელს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ისედაც შემოდის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები, რომ პრეზიდენტის ფიგურა ნომინალური ხდება.

როგორც ჩანს დასავლეთი კარგად ვერ აცნობიერებს რა ხდება საქართველოში, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორეს ისე შეუშალოს ხელი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიც გადააყოლოს ამ დაპირისპირებას. თუმცა, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ავუხსნათ საერთაშორისო საზოგადოებას, რითი შეიძლება შეუშალოს ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას...

- რითიც ახლა უშლის. პროცესები, რომელიც განვითარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეალურად არ არის არადემოკრატიული პროცესები.

ჩვენ ღიად მოვისმინეთ ბატონი ბაქრაძის განცხადება, რომ დღეიდან „ის ელოდება პრობლემებს ყველა მიმართულებით“. როდესაც ადამიანი ასე დარწმუნებით აცხადებს, მას, რეალურად უნდა ჰქონდეს ამისი გარანტიაც და სურვილიც, თორემ როდესაც ადამიანები პრობლემაზე საუბრობენ, ამბობენ - ღმერთმა დაგვიფაროსო.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც ყველა პრობლემა მართულია. რადგან „ნაცმოძრაობა“ ის ორგანიზაციაა, რომელიც 8 წლის მანძილზე ახდენდა არა მხოლოდ ყველა დონეზე ხელისუფლების უზურპაციას, არამედ ყიდულობდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს.

ვინმემ რომ დამიწყოს მტკიცება, „თელასი“, მაგალითად, უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, მაშინ გაუგებარია, რატომ ემსახურებოდნენ უპრობლემოდ ხელისუფლების ინტერესებს არჩევნებამდე და რატომ გაჩნდა პრობლემები არჩევნების შემდეგ? ან, როგორ დაინიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ზურაბ არსოშვილი „თელასის“ გენერალურ დირექტორად?

იგივე შეიძლება ითქვასენერგო-პროზე“, „თბილგაზზე“, „თბილისის წყალზე“, კავშირგაბმულობის ზოგიერთ კომპანიაზე და .. ეს ცნობილია საზოგადოებისათვის...

- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი სქემა გაიშიფრება, იმედი მაქვს ამას მოახერხებს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, მაგრამ ეს სხვა თემაა. მე მაგალითად, იმედი მაქვს, რომ ზამთარში მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნიან სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად - გაზმომარაგებით.

მოდით ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობა“ 20 წელია, ხელისუფლებაშია, ხელისუფლება იყო შევარდნაძის პერიოდშიც ოღონდ სახელი ჰქონდა სხვა - „მოქალაქეთა კავშირი“. ისინი ახორციელებდნენ მთელ პროგრამებს. რეფორმატორთა გუნდი იყო, მინისტრები იყვნენ, უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარეები იყვნენ, საპარლამენტო კომიტეტებს ხელმძღვანელობდნენ. ბოლო წელიწადს გადავიდნენ შევარდნაძის ოპოზიციაში, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ფლობდნენ სახელისუფლებო ბერკეტებს. და ჩვენ ისიც ვიცით, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდში იყვნენ, მათ ინტერესებს ემსახურებოდნენ. მთავრობის სხდომის მერე მიხეილ სააკაშვილთან დადიოდნენ საკონსულტაციოდ. დღესაც  თითქოს-და ნაცმოძრაობა უმცირესობაშია, მაგრამ ინარჩუნებს კონტროლს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში. თვითმმართველობას კანონით, ფაქტობრივად, 2014 წლამდე კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, ამავდროულად, აკონტროლებენ ელჩებსაც, როგორც დავინახეთ ამ დღებში.

ასეთ რეჟიმში შეუძლებელი იქნება ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს სურვილი აქვთ საქართველოში სასიკეთო ცვლილებები კი არ განხორციელდეს, პირიქით, ყველა მიმართულებით შეიქმნას პრობლემები. შემდეგ რომ გამოვიდნენ ტრიბუნიდან და განაცხადონ, შეხედეთ, როგორი უსუსური აღმოჩნდა ახალი ხელისუფლება მათთან შედარებით...

ბოლო დროს სხვადასხვა ორგანიზაციებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარიანაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშე გამოცხადების შესახებაც, როგორ ფიქრობთ, ამ განწყობებს შეიძლება მოჰყვეს თუ არა რაიმე ლოგიკური გაგრძელება, არის ეს შესაძლებელი?

- „ნაცმოძრაობა“, დღეს, როგორც პარტია კანონგარეშე რომ გამოცხადდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები გამოცხადდებიან კანონგარეშედ. ეს შეიძლება „ნაცმოძრაობისთვისაც“ ხელსაყრელი აღმოჩნდეს, რომ ადგნენ და სხვა პარტია დააფუძნონ. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს გამაღიზიანებელი სახელს მოიცილებენ და, შესაძლოა, შემდეგ ხალხი ვეღარც კი მიხვდეს, ვისზეა ლაპარაკი.

თუმცა, პოლიტიკურად  ესეც შესაძლებელია, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ საჭიროა მოვლენების შეფასება, არც ეგ არ არის პრობლემა.

რაც შეეხება ხელმოწერებს პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე, ეს თემა უნდა გავმიჯნოთ. პირველია, პოლიტიკური საკითხი, რომ შესაძლებელია, უბრალოდ, გამოხატონ, საქართველოში რამდენ ადამიანს არ სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს მიხეილ საკაშვილი. მეორეა, რომ სამართლებრივად თუ განვიხილავთ ამ საკითხს, პრეზიდენტის გადადგომის საფუძვლებში ხელმოწერები არ წერია. იმპიჩმენტს თუ განვიხილავთ, მისი საფუძველი ხელმოწერების შეგროვება არ შეიძლება გახდეს. იმპიჩმენტის პროცედურა და მისი მიღწევა იმდენად გართულებულია, რეალურად შეუძლებელია ამ სასამართლოს პირობებში.

რას ურჩევდით ასეთ რთულ მოცემულობაში ახალ ხელისუფლებას, ან თუნდაც, საზოგადოებას, რომელიც კეთილსინდისიერად მივიდა არჩევნებზე... როგორ შეიძლება შეცვალოს ის რეალობა, რომელიც არსებობს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ შესუსტდეს ის დესტრუქციული მომენტები, რომელიც დღეს არსებობს...

- გამომდინარე იქიდან, რომ არ გამაჩნია საკმარისი ცოდნა ყველა მიმართულებით, ვერ მივცემ საკუთარ თავს უფლებას საზოგადოების ან ახალი ხელისუფლების წინაშე კონკრეტული რჩევებითა და რეცეპტებით გამოვიდე.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს სახეზეა საბოტაჟის ნიშნები. ეს იკვეთება პირდაპირ, როდესაც ცალკეული თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ კონკრეტულად რომელიღაც პროცესები ვიღაცისგან იმართება. ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებთან გვაქვს საქმე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას საბოტაჟის კუთხით, შეისწავლოს ეს საკითხი და დაკითხვებისა და გადამოწმების შემდეგ თუ დადასტურდება ეს საკითხი,  პასუხისგებაში უნდა მიეცნენ დამნაშავენი.

მეორე თემაა ის კადრები, რომლებიც წლების მანძილზე ემსხურებოდნენ პოლიტიკურ ინტერესებს - არ ვსაუბრობ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ახლობლებს არჩენდნენ და რომ არ ემუშავათ, ოჯახი მშიერი დარჩებოდათ. ვსაუბრობ იმ კადრებზე, რომლებიც ასრულებდნენ პოლიტიკურ ბრძანებებს, ან მის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდნენ. ის კადრები დღეს არ უნდა მუშაობდნენ ახალ ხელისუფლებაში.

კიდევ ერთი, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე შემოიღო პოლიტიკური თანამდებობა, ანუ მინისტრი და მოადგილეები უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეს ნიშნავს, რომ ისინი ინიშნებიან პარტიიდან და არიან მმართველი პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას ატარებს კონკრეტულ სამინისტროში. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რომ ახალი ხელისუფლება ტოვებს კონკურენტი ძალის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ისევ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე. გაუგებარია, როგორ შეიძლება გუშინ ერთი პოლიტიკური ძალის თანამდებობის პირი იყო, ხვალ კი მეორის. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ახალი ხელისუფლებისათვის რაიმე სარგებლობის მომტანები იყვნენ.

თვლით რომ ისინი ხელის შეშლის მეტს არაფერს გააკეთებენ?

- რეალურად, „ოცნება“ იმ მოკლე და გრძელვადიან პროგრამებზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომელიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი, იქამდე კი 10-წლიანი მმართველობის გამო მოსახლეობა გაწამებული იყო. ასე რომ,  ხალხი ახლა რეალურად, პოლიტიკურ ინტრიგებს კი არ ელოდება, ვინ რას იტყვის და ვინ რას განაცხადებს, არამედ იმას, რომ მათი მდგომარეობა რეალურად გაუმჯობესდება. ამისათვის კი, საჭიროა პირველ რიგში, იმაზე მუშაობა, რომ ხელისუფლება არ ჩამოიშალოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უფრო ეფექტურად უნდა იმუშავოს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ლობისტებისა და ელჩების მეშვეობით აწვდიან არასწორ ინფორმაციებს სხვადასხვა სტრუქტურებს. ამ ყველაფრის დასალაგებლად ეფექტური კადრები და ეფექტური გადაწყვეტილებებია საჭირო.