ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის. სკანდალურ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შეიკრიბება საბჭო და დოკუმენტში ცვლილებები შევა. დეტალები ოთხშაბათისთვის დაზუსტდება. მცირედი ინფორმაცია მაინც ცნობილი ხდება. დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სამინისტროს პოზიციას ადასტურებს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. ასევე მიმდინარეობს რთული, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობის ცალკე განფასებისთვის მსჯელობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობები, რაც არის იშვიათი, თუმცა მათი ფინანსური ზეგავლენა მაღალია, ამ შემთხვევებზეც გაკეთდება განფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რამდენიმე დღის წინ, 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ტარიფები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
„კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ კარგია, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო რაიმე დათმობაზე მიდის, თუმცა ეს საჭირო არ უნდა გამხდარიყო, რადგან მსგავსი ცვლილების მიღებამდე კონსულტაციები უნდა გამართულიყო.
„ძალიან გამიხარდება, თუ რაღაცა დათმობაზე მოდიან, მაგრამ დათმობაზე კი არ უნდა მოდიოდნენ, წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ და შეხვედროდნენ კლინიკებს. 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ასეთი რამ მოხდა - გვაქვს ამდენი ფული, კეთდება ამდენი ოპერაცია, გაყვეს, მიიღეს რიცხვი და შესაბამისი კალკულაცია მიუსადაგეს მიღებულ რიცხვს. პრობლემა არის ის, რომ თანხა არ არის ბიუჯეტში და ეს როგორმე უნდა გამოესწორებინათ, სხვა მიზანს 520-ე დადგენილებაში ვერაფერს ვერ ვხედავ.
რეფორმა კეთდება სხვანაირად, ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომა. არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ კარდიოქირურგიაზე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ონკოლოგიური პრობლემა, ფსიქიატრიული და ა.შ. ასე უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი და არა, მოდი, დღეს ამას შევასწორებ, ხვალ - იმას. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი და სჭირდება კონსულტაციები“, - განაცხადა სურგულაძემ.
მისივე შეფასებით, თუკი 520-ე დადგენილების ამოქმედება არ შეჩერდება, ბაზარზე ძალიან დაბალი მომსახურეობა დარჩება.
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს კი ეიმედება, რომ სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება, სიჯიუტე არ გამოიჩინოს და შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები. მისივე აზრით, ამის წინაპირობები არსებობს.
„ეტყობა, სადღაც დაიდო პირობა, რომ ბიუჯეტში თანხას აუცილებლად შეამცირებდნენ და ამის დასამტკიცებლად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ სამედიცინო სფერო ერთიანობაში შეინარჩუნებს პრინციპულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, სხვადასხვა ფორმატებში დავაყენებთ ამ საკითხს.
ცუდი ის არის, რომ 520-ე დადგენილება არ შეჩერებულა, უკვე ერთი თვეა საკმაოდ დიდი პრობლემა იქმნება პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში. პაციენტები უკვე ბევრ სერვისს ვერ იღებენ. მინდა შევახსენო სამინისტროს, რომ ხარისხიან ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და მთავრობის ვალდებულებაა, ეს სერვისი მოქალაქეებს მიაწოდოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.