მსახიობ შარლიზ ტერონის თქმით, მას "არ რცხვენია" იმაზე საუბრის, თუ როგორ ესროლა დედამისმა მამამისს თავდაცვის მიზნით. ამის შესახებ მსახიობმა NPღ-თან ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსახიობის მამას ალკოჰოლზე ჰქონდა დამოკიდებულება. შარლიზ ტერონი 15 წლის იყო, როდესაც მამამ იმ ოთახის კარს ესროლა რამდენჯერმე, სადაც მსახიობი და დედა იმალებოდნენ.
"არცერთი ტყვია არ მოგვხვდა, ეს სასწაული იყო. მაგრამ თავდაცვის მიზნით, მან [დედამ] საფრთხე შეაჩერა... რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ამ თემებზე, მით უფრო ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ", - თქვა მსახიობმა.
შარლიზ ტერონი იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) მდებარე ფერმაში დედასთან (გერდა) და მამასთან (ჩარლი) ერთად იზრდებოდა. მსახიობი მამას აღწერს, როგორც "ძალიან ავადმყოფ კაცს" და დასძენს, რომ "ალკოჰოლიკთან ცხოვრება "ძალიან უიმედო სიტუაცია" იყო.
მსახიობის თქმით, ძალადობა, რომელიც ოჯახში განიცადა, ის არის, რასაც ყველას უზიარებს. "არ მრცხვენია ამაზე საუბრის. რადგან რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, მით უფრო მეტად ვიაზრებთ, რომ მარტო არ ვართ", - ამბობს მსახიობი.