ესპანეთში უკრაინელი ფეხბურთელის რომან ზოზულიას შეურაცხყოფის გამო თამაში შეწყდა. ინციდენტის მიზეზი ის გახდა, რომ „რაიო ვალეკანეს“ გულშემატკივრებმა „ალბასეტეს“ მოთამაშეს ნაცისტი უწოდეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
პირველი ტაიმის ბოლოს ფანების შეძახილის გამო მსაჯმა თამაში შეაჩერა, თუმცა ფეხბურთელებმა ის ბოლომდე ითამაშეს. მეორე ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფა გააგრძელეს, რის გამოც არბიტრმა თამაში 40 წუთით შეწყვიტა. საბოლოოდ „ალბასეტეს“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
თამაშის საბოლოო შედეგებზე ლა ლიგის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს.