ამერიკული გაზეთი Atlanta Journal-Constitution-ი რეჟისორ კლინტ ისტვუდს ცილისწამებაში ადნაშაულებს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საქმე ისტვუდის ფილმს „რიჩარდ ჯუელის საქმე“ ეხება, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ამ გამოცემის ჟურნალისტი კეტი სკრაგსია. დრამა 1996 ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ტერაქტს ეხება, როცა ქალაქის პარკში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 111 დაშავდა. პოლიციამ დამნაშავე ერიკ რუდოლფი მხოლოდ 7 წლის შემდეგ დააკავა, მანამდე კი მომხდარში პარკის დარაჯ რიჩარდ ჯუელს ადანაშაულებდნენ.
სწორედ ამის შესახებ წერდა კეტი სკრაგსი, რომლის როლს სურათში ოლივია უაილდი ასრულებს. ფილმში არის სცენა, რომელშიც უაილდის გმირი FBI-ს აგენტთან ინფორმაციის მიღების მიზნით ინტიმურ კავშირს ამყარებს.
The Atlanta-Constitution-ის გამომცემელი სახლი Cox Enterprises-ი ამტკიცებს, რომ ეს არასოდეს მომხდარა და რეჟისორს და კინოსტუდია Warner Bros.-ისგან უარყოფას ითხოვს. თავად სკრაგსი კი 2001 წელს გარდაიცვალა.
Warner Bros.-მა საკუთარი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ირონია იმაში მდგომარეობს, რომ გაზეთი, რომელმაც პირველმა უწოდა რიჩარდ ჯუელს დამნაშავე, ახლა ჩვენი კინემატოგრაფისტების და მსახიობების რეპუტაციის შელახვას ცდილობს“.
New York Times კი წერს, რომ ეს შემთხვევა ჰოლივუდის სექსისტური სტანდარტების დემონსტრაციაა. კერძოდ, რომ ფილმებსა და სერიალებში კვლავ ნორმად ითვლება ჟურნალისტის, რომელიც ექსკლუზიური ინფორმაციის მისაღებად წყაროსთან ინტიმურ კავშირზე წასვლისთვის არის მზად.