პარიზში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და მომღერალი ანა კარინა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. 79 წლის კარინას აგენტის, ლორან ბალანდრასის განცხადებით, ანა კარინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანკ რიესტერმა განაცხადა, რომ კარინას გარდაცვალებით ფრანგულმა კინომ ერთ-ერთი მთავარი ლეგენდა დაკარგა.
ანა კარინა (ნამდვილი სახელი - ჰანე კარენ ბლარკე ბაიერი) 1940 წელს დანიის ქალაქ სოლბიერგში დაიბადა და ფრანგული „ახალი ტალღის“ წარმომადგენელი იყო. 1961 წელს მან რეჟისორ ჟან-ლუკ გოდარზე იქორწინა.
პოპულარობა მას ფილმებში „შეშლილი პიერო“, „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“, „პატარა ჯარისკაცი“, „ალფავილი“ და „ქალი ქალია“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა.