ქვეყანა ორხელისუფლებიანობის პრობლემების პირისპირ

ქვეყანა ორხელისუფლებიანობის პრობლემების პირისპირ

პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა ცდილობს, მისი ეს ნათქვამი როგორმე შეასწოროს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს სააკაშვილმა სხვა რამ თქვა. არადა, რეალურად ქვეყანაში მართლაც ეს პრობლემაა, რაც ექსპერტთა შეფასებით, აუცილებლად მივა კრიზისამდე. ამ კრიზისის განმუხტვის გზას კი არსებული კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის წევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია - ნატო-სთან დაკავშირებული ამბიციების განსახორციელებლად ჩემი ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენი იდენტურობისა და იმ ახალი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევქმენით. ეს ჩვენი დემოკრატიის ამოსავალი წერტილი და იმ ღირებულებების ქვაკუთხედია, რომლებზეც ჩვენი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაშენეთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული, საპარლამენტო უმცირესობა ამ განცხადების ახსნას ისე ცდილობს, თითქოს პრეზიდენტს ორხელისუფლებიანობა არ უგულისხმია. 

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს პრაღაში ორხელისუფლებიანობაზე არ უსაუბრია და ინტერპრეტაცია არასწორი თარგმანის გამო მოხდა.

როგორც ბარამიძე განმარტავს, სააკაშვილმა ყურადღება ორპარტიულ მმართველობაზე გაამახვილა.

„პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსდგა, როგორც ორპარტიული ხელისუფლების ლიდერი. ძირითადი ნაწილი არის საქართველოს მთავრობა და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“, თავად კი სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და ამაზე იყო საუბარი. ორხელისუფლებიანობა საქართველოში არ არის, არ იქნება და ეს არც უნდა დავუშვათ“, - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ „ეს ტერმინი არ ყოფილა გამოყენებული ისე, როგორც საბჭოთა კავშირში ითქმებოდა 1917 წლის სიტუაციის აღსაწერად. აქ არის საუბარი ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობაზე, რომლის უკანაც შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ძალები იდგნენ, მაგრამ ეროვნული ინტერესების ფარგლებში ისინი უნისონში თანამშრომლობენ“.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად „გადავიდეთ ინსტიტუციონალურ მმართველობაზე“, უმრავლესობაში საწინააღმდეგო განწყობა ჩანს.

„რეალურად რასაც ვაწყდებით, არის არა კონსტრუქციული დიალოგი სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებით, ვგულისხმობ თვითმმართველობას, პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტის აპარატს, არამედ ახალი ხელისუფლების მცდელობას, რომ ფინანსური წნეხით ან სხვაგვარი მეთოდებით მოახერხოს დაკავება იმ სახელისუფლებო შტოებისა, რომელთა ბედიც არჩევნებით არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა კონსტუქციული თანამშრომლობის ფორმატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მიუხედავად უმცირესობის მიერ პრეზიდენტის ამ ნათქვამის ინტერპრეტირებისა, ცხადია, რომ ქვეყანაში რეალურად ეს პრობლემაა, რაც იმდენად რთული შეიძლება იყოს, რომ „ნაციონალები“ მის შემსუბუქებას ცდილობენ.

ცხადია, ამ ნათქვამით პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას არა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ ძალასთან თანამშრომლობის სურვილი. პრეზიდენტზე იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ დღეს მის ხელშია ყველა ის ბერკეტი, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა შეუძლია. მთავრობას კი მხოლოდ ის შეუძლია, დაფინანსება შეუმციროს მას. თუმცა, ცხადია, ეს შემცირება ვერ იქნება ისეთი დიდი, რომ პრეზიდენტმა მუშაობა ვეღარ შეძლოს.

პრინციპში, მთავრობამ ეს საშუალება უკვე გამოიყენა. პრეზიდენტიც აშკარად ცდილობს, რომ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთან, გორგი კალანდაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიც სწორედ ამაზე მეტყველბს.

თუმცა, პრეზიდენტს ამაზე მეტის საშუალებაც გაჩნია იგივე იმ კანონებზე ვეტოს დადების უფლება, რასაც ის საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს, რომელიც მის პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. ამან კი ვითარება, შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს.

„ამ კონსტიტუციურმა კონსტრუქციამ პირველივე გამოცდისას აჩვენა, რომ ვერ უძლებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების თანაცხოვრების ტვირთს და ვერ უძლებს იმიტომ, რომ ამ მოდელში ხელისუფლება არ არის რაციონალურად გადანაწილებული. ამ სიმძიმის ტვირთის ქვეშ კი პრეზიდენტი უძლური აღმოჩნდა. ეს მოდელი გათვლილი არის ზუსტად საპრეზიდენტო ძალაუფლების აბსოლუტიზაციაზე ერთი პოლიტიკური პარტიის თანხლებით. ანუ, როდესაც ხელისუფლების ყველა ინსტიტუციას ერთი პარტია ქმნის. პრობლემას ქმნის ის, რომ ზომაზე მეტად არის წამოწეული ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობის და არა კონკურენციის და დაბალანსების პრინციპი.

როდესაც პრეზიდენტი უფლებამოსილია, მისი პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვის მართალი იყოს, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა სხვადასხვა პოლუსიანი პარტიების არსებობის ფონზე. ეს კონსტიტუცია არ შეიცავს კრიზისის განმუხტვის ელემენტებს და იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებაში ორი სხვადასხვა პარტია მოდის, ეს უკვე იძენს კონფლიქტურ და ჩიხურ ელფერს და ის ვერ უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების განმუხტვას. პირიქით, სწორედ კრიზისებს ახალისებს“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი.   

ამიტომაც ის მიიჩნევს, რომ „აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომ ქვეყანა დროზე გადავიდეს მმართველობის საპარლამენტო რეჟიმზე, რასაც ითვალისწინებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები. ცხადია, არც ის მოდელი არ არის გამართული და დახვეწას საჭიროებს, მაგრამ არსებითი არის ის, რომ ქვეყანა ან იმ მოდელზე უნდა გადავიდეს ან წინააღმდეგობები უფრო გაღრმავდება“.

ჯიბღაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი რომც არ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, მაინც იგივე მოხდებოდა.

„ამ პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ეს კრიზისული მოდელი იმდენად ღრმა კრიზისის რესურსს შეიცავს, რომ დიდი რისკია, ეს კრიზისი რეალურად დადგეს. ეს კი გამოჩნდება კონკრეტულ პოლიტიკურ მანევრებში ანუ, ერთი პოლიტიკური ძალა მეორემ მიაყენოს ჩიხში და, ცხადია, ეს იმას გამოუვა, რომელიც უფრო ჭკვიანურად იმოქმედებს“, - ამბობს ჯიბღაშვილი.

ამასთან, ის იმ პრობლემაზეც საუბრობს, რაც სააკაშვილის თანამდებობიდან ვადამდე წასვლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

„თუ ეს საკითხი საზოგადოების იმ განწყობის მიხედვით შეიცვლება, რაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა და სააკაშვილს მოუწია თანამდებობიდან გადადგომა, ან პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მიაღწია, მაშინ რა რეჟიმში გადავდივართ? დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი და მერე ველოდებით მის გაპრეზიდენტებას ამ მოდელში?“ - კითხულობს ზურაბ ჯიბღაშვილი.

ამიტომაც ის მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლიელებებზე მუშაობა.   

„მე არ მესმის, რატომ არ არის მსჯელობა დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის საჭიროებაზე. მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები კომპლექსურად უნდა იქნას განხორციელებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნით“, - ამბობს ჯიბღაშვილი.