ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა და განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი "ყოველთვის აპოლიტიკური ორგანიზაციაა".
The Global Times-მა ოზილის ეს განცხადება გააკრიტიკა და "მცდარი" უწოდა, რომლითაც ფეხბურთის წარმომადგენლებს "იმედი გაუცრუა". ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, ოზილის კომენტარი "მიუღებელია" და ჩინელი გულშემატკივრების "გრძნობებს ტკივილს აყენებს".
უიღურები თურქული ეთნოსია, რომლის უმეტესობაც ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს. ჩინეთის მთავრობა მათ სეპარატისტულ განწყობაში ადანაშაულებს. უიღურების შევიწროების გამო აშშ-მა ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ჩინეთში უიღურებს სპეციალურ ბანაკებში გზავნიან, სადაც მათ იდეოლოგიურად ამუშავებენ.