თინა ხიდაშელი - „სააკაშვილის გარდაუვალი ბედისწერა ვართ“

თინა ხიდაშელი - „სააკაშვილის გარდაუვალი ბედისწერა ვართ“

(იბეჭდება შემოკლებით)

არჩევნების წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციის გამონათქვამებზე აგებული კლიპით დაბომბა ტელეარხები - ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე ოპოზიცია ჩვენზე უკეთ საუბრობსო. საკმაოდ გრძელ კლიპში ოპოზიციის გამონათქვამებიდან ამოგლეჯილი ფრაზები და მათი პატრონები შავ - თეთრ ფერებშია, აქაოდა შავბნელი ძალააო, ხელისუფლების შესაბამისი საქმეები, ძირითადად - ზეიმები, რაღა თქმა უნდა - ფერადში.

არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია გამარჯვებას გეგმავს. ამ მხრივ, ყველაზე ამბიციურები ოპოზიციიდან ბლოკი „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“ აღმოჩნდა.

თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტია:

-ამბიციურობა რას ნიშნავს?! თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. თუ ამბიცია არ გაქვს, წადი და სახლში დაჯექი. ამბიციაც გვაქვს და ხალხის იმედიც. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ სააკაშვილის გარდაუვალი ბედისწერა ვართ. მაგრამ ეს რომ პირადად სააკაშვილისთვისაც და ქვეყნისთვისაც მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს, ერთადერთი გზა არჩევნებია. ამიტომ წავედით არჩევნების გზით.

თუ არჩევნებით ვერაფერს მიაღწევთ, მაშინ?

- ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური გზებით და არჩევნებით გავაგრძელებთ. სხვა არანაირ გზას არ მივმართავთ.

ამ ხელისუფლების მოყვანასა და ვარდების რევოლუციაში თქვენ და თქვენს თანაბლოკელებს სერიოზული წვლილი მიგიძღვით. ხომ არ ნანობთ?

- არც ერთი წუთი არ ვნანობთ იმას, რაც გავაკეთეთ. მე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად არ მიბრძოლია. 1992 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ ხელახლა დადგა ფეხი საქართველოს მიწაზე, კონკრეტული მიზანი მქონდა - დამთავრებულიყო საქართველოში კომუნისტური რევანში. თბილისის ომი სხვა არაფერი იყო, თუ არა კომუნისტური რევანში. ამიტომ ამ ბრძოლაში ჩემთვის ყველაზე მთავარი არ არის მიღწეული. ედუარდ შევარდნაძე მშვიდად ზის საკუთარ სახლში და იქიდან მთელ ქვეყანას გვარიგებს ჭკუას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა კითხვას, რაოდენ საჩოთიროც უნდა იყოს, პასუხი გაეცემა, შესაძლებელი იქნება რეალურ დემოკრატიაზე საუბარი.

დღევანდელი ხელისუფლების ნაწილი, მათ შორის სააკაშვილიც, შევარდნაძის მოწაფეები არიან.

- მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის საუკეთესო მოწაფე აღმოჩნდა. ყველას გვახსოვს, როგორ დაატარებდა მას შევარდნაძე უბან-უბან - აი, თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. მან ეს ამ ორწელიწადნახევრის მანძილზე დაამტკიცა და ამ არჩევნებზეც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შევარდნაძის საუკეთესო მოწაფეა და მისგან ბევრი რამ აქვს ნასწავლი.

რითი დაამტკიცებს?

- არჩევნების გაყალბებით, პოლიტიკური სახელმწიფოს მშენებლობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით. მმართველობის ბოლოს ამას შევარდნაძე ვეღარ ბედავდა, მაგრამ კარიერა სწორედ ასე დაიწყო. ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამნეზია არ მაქვს და კარგად მახსოვს, საქართველოში ჩამოსვლის პირველ პერიოდში როგორ არბევდა შევარდნაძე მიტინგებს ტყვიებით და ძაღლებით. ზუსტად იმავე გზას გადის სააკაშვილი.

არჩევნების გაყალბების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში რა ზომებს მიმართავთ?

- ფაქტები უკვე სახეზეა. არჩევნების დღეს რაც მოხდება, ეს იქნება ბოლო რგოლი იმ ჯაჭვისა, რასაც არჩევნები ჰქვია. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებით, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. არჩევნების დღეს დაველოდოთ.

სოციოლოგიური გამოკვლევებით, ხელისუფლებას სერიოზულად მაღალი რეიტინგი აქვს, ზოგში - 65 პროცენტიც კი. წინასაარჩევნო კამპანიამ იმოქმედა მათ რეიტინგზე თუ სოციოლოგიური კვლევები სცოდავენ?

- სოციოლოგიურ კვლევაზე ანუ რომელიმე პარტიის საარჩევნო სტრატეგიაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი. თუკი ამ ხელისუფლების რეიტინგი 65 პროცენტია, მაშინ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა, რომ საქართველოში მკვლელები და ბიუჯეტის ქურდები მოსწონთ. ვიცი, რომ ასე არ არის. საქართველოში ვანო მერაბიშვილისნაირ ადამიანებს პატივს არასოდეს სცემდნენ. მთავარი კვლევის შედეგი ხალხია.

სააკაშვილის ხელისუფლება, წინამორბედისგან განსხვავებით, რაღაცას მაინც აკეთებს - გზებს აგებს, შუქი გვაქვს, პენსიებიც მოუმატა ცოტა - ცოტა. მოსახლეობის ნაწილი ამითაც კმაყოფილია.

- ასჯერ მეტს აკეთებდა ხელისუფლება საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში, მაგრამ იმ დაგებული გზებით გაუყენეს 1937 წელს ხალხი სიკვდილის გზას. არ მინდა, რომ ამ დაგებული გზებით მხოლოდ ციხეებში მივიდეთ, როგორც თავდაცვის მინისტრი დაგვპირდა, „პერედაჩებზე“ ვატარებ მთელ საქართველოსო.

კახელ გლეხებს რომ დაემუქრა ოქრუაშვილი უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში, იმას გულისხმობთ?

- ასეთი რამ აქამდე არავის გაუბედავს.

ასეთი აქტიურები რომ ყოფილიყავით აქამდეც და ფაქტები დაგედოთ, როგორც კახეთში თქვენ აჩვენეთ, რომ დიდი ზარ - ზეიმით გაშვებული ტრაქტორები ხალხამდე არ მისულა, იქნებ გამარჯვების მეტი შანსი გქონოდათ?

- რაც ხდება, ყველაფერი კანონზომიერია. ჩვენ ისე გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ვიბრძოდით. არ მინდა, ყველას სააკაშვილიზაცია დაგვემართოს.

ბოლოს და ბოლოს იმ ტრაქტორების რა გაარკვიეთ?

- სოფლის მეურნეობის მინისტრმა გვითხრა, გაფრინდაო და ახლა მფრინავ ტრაქტორებს ვეძებთ.

ოპოზიცია არჩევნების შემდეგაც ასე აქტიურად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას?

- თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება ხერხემალში არ გატყდება, ძალიან მძიმე გაგრძელებას ველოდებით.

ნაციონალების კლიპი როგორ მოგეწონათ?

- ზუსტად ისეთი მატყუარაა ხელისუფლება, როგორც იმ კლიპში გამოაჩინა თავი. ეს საუბრები, გადაცემები ძალიან ახლო წარსულში იყო და ხალხს კარგად ახსოვს, რას ვამბობდით და რას ვგულისხმობდით, ამ კლიპით საკუთარი თავი კარგად ამხილეს.

როგორ გგონიათ, რატომ თქვა ხელისუფლებამ დებატებზე უარი? ნაციონალები ჟურნალისტებთან ურთიერთობას არჩევნების წინ მაქსიმალურად ერიდებიან.

- იმიტომ, რომ მშიშრები და კურდღლები არიან. სათქმელი არაფერი აქვთ და საჩვენებელიც არავინ ჰყავთ. საკუთარი პარტიის კლიპები რომ გაეკეთებინათ, ვინ უნდა ეჩვენებინათ, აბაშიძის ყოფილი ლეკვები თუ ყოფილი მოქკავშირლები და ყოფილი ჩინოსნები, რომლებიც წლების მანძილზე ყვლეფდნენ ქვეყანას? საჩვენებელი და გამოსაჩენი არავინ ჰყავთ, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩვენს ხარჯზე გაეკეთებინათ პიარი, მაგრამ არ გამოუვიდათ.