ოქრუაშვილი საიდუმლოს გაჟონვაში დაადანაშაულეს

ოქრუაშვილი საიდუმლოს გაჟონვაში დაადანაშაულეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ სამხედრო კონტიგენტის გაზრდას არ დასჯერდა და თავის საიტზე საქართველოს შეიარაღებული ძალების შიდა სამზარეულოც გამოაქვეყნა.

ქართული ხელისუფლება ამ ცნობის გაჟონვაში ირაკლი ოქრუაშვილს ადანაშაულებს.

რუსული ინფორმაციით ამერიკელებმა, საერთო ჯამში, 8 000 სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს, თურქეთში 780-მა ქართველმა ოფიცერმა გაიარა სწავლება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ანკარისგან 45 მილიონი დოლარი მიიღო, 2,5 მილიონი დოლარი კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას მოახმარა.

საერთო ჯამში, ნატოს ქვეყნებმა საქართველოს გადასცეს: 175 ტანკი, 126 ჯავშანმანქანა, 67 საარტილერიო დანადგარი, 4 საბრძოლო თვითმფრინავი, 12 ვერტმფრენი, 8 სამხედრო ხომალდი და კატარღა.

ნატოს არაწევრი ქვეყნებისგან (ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და უკრაინა) საქართველოს შეუძენია: 7 მზვერავი ვერტმფრენი, 31 ტანკი, 60 ჯავშანმანქანა, 12 საველე საარტილერიო დანადგარი, 10 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 10 საბრძოლო თვითმფრინავი, 13 ვერტმფრენი და 2 საბრძოლო კატარღა.

რუსულივე წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში საქართველო 15 ამერიკულ ვერტმფრენსაც მიიღებს.

ამ მონაცემებს თავდაცვის ქართული უწყება მოძველებულს უწოდებს, რითაც არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ ქართული შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლევამოსილია.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩამონათვალის სამზეოზე გამოტანის მიზეზი საქართველოს მილიტარიზების მაღალი ხარისხის ჩვენება იყო, ზედაც იმას დავამატებთ, რომ სამხრეთ კავკასიურ სამივე სახელმწიფოს შეიარაღებაში 220-220 ტანკის ყოლის უფლება აქვს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ხორუმსაც დაგვიწუნებენ, როგორც ზედმეტად მილიტარიზებულ ცეკვას.