ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირება F ჯგუფში შედგება, სადაც „ინტერი“ კატალონიის „ბარსელონას“ დაუხვდება.
თამაშის წინ ერთი საინტერესო რეკორდიც დამყარდა. 72 ათასი ბილეთი რეალიზებულია და მილანური გრანდის შემოსავალმა 7.5-დან 8 მილიონ ევრომდე შეადგინა. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით კი, ეს იტალიური ფეხბურთის ყველა დროის რეკორდია ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის რაოდენობით.
მიუხედავად ამისა, „სან სირო“ ბოლომდე მაინც არ გაივსება, რადგან სტუმართა სექტორი ნახევრად ცარიელი იქნება. აქვე გეტყვით, რომ წინა რეკორდიც „ინტერს“ ეკუთვნოდა, რომელიც ზუსტად ორი თვის წინ დამყარდა. 6 ოქტომბერს, „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩზე მილანელებმა 6.5 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
შეგახსენებთ, ეს თამაში „ბარსელონასთვის“ პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს წყვეტს. სამაგიეროდ, „ინტერისთვის“ სასწორზე მერვედფინალი დევს. „ნერაძურის“ და „დორტმუნდს“ 7-7 ქულა აქვს, მაგრამ იტალიელები გერმანელებს ურთიერთშეხვედრებში სჯაბნიან. ამიტომ, თუ „ბარსელონას“ მოუგებენ პლეი-ოფში გავლენ.