მაია რჩეულიშვილი - „წილს კი არა, კაპიკსაც არავის ვაძლევ“

მაია რჩეულიშვილი - „წილს კი არა, კაპიკსაც არავის ვაძლევ“

(იბეჭდება შემოკლებით)

მაია რჩეულიშვილი: - ახლა ბევრად მშვიდად ვარ, ვიდრე ვახოს პოლიტიკაში ყოფნისას. მისი ყოველი დღე ბეწვის ხიდზე გავლა იყო, ცოცხალი მოვიდოდა თუ არა შინ, არ ვიცოდი.

სიგუა - იოსელიანი - კიტოვანის მთავრობის გადაყენება, „მხედრიონის“ განიარაღება და ტერაქტის შემდეგ იგორ გიორგაძის მოხსნა, - ყველაფერი ეს სულ ვახოს კისერზე გადავიდა. ეს რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, ვერც თვითონ გაუძლებდა და ვერც მე. ვახოს ბიოგრაფიაში ყველაზე წარმატებული დღე 2003 წლის 23 ნოემბერია. ძალიან ბევრ რამეზე მაღლა დადგა და იმ ხალხს, რომელთაც მაშინ შევარდნაძისგან გაცლა არჩიეს, დაცინვით ვუყურებ.

ედუარდ შევარდნაძე თავისი გუნდის წევრებზე გადაყოლილი იყო, რომ გაუჭირდა, შვილივით გაზრდილი პოლიტიკოსები სადღაც დაიმალნენ. ვახომ კი არ იკადრა მაშინ დამალვა.

დღეს ძალიან აკრიტიკებენ მიშა სააკაშვილს, - თავის გუნდს არ იცილებსო, მე კი მომწონს, ერთგულებას რომ ასე უფასებს თანამებრძოლებს. შესაძლოა, ძალზე არაპოპულარულ რამეს ვამბობდე, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკაში არ იყოს გიგა ბოკერია, ასეთი ჭკვიანი ახალგაზრდა.

რას ფიქრობთ ქალბატონ რუსუდანის გადაწყვეტილებაზე?

- მე თავიდანვე მტკიცე უარი ვთქვი პოლიტიკაში ჩაბმაზე, რადგან არ გვქონდა მოშუშებული ის იარები, 2003 წელს რომ მოგვაყენეს. პოლიტიკაში რომ წავსულიყავი, ვიცოდი, უსათუოდ წამომაძახებდნენ, თავმოყვარეობა გაქვს თუ არაო და ისეთ კადრებსაც გამოამზეურებდნენ, რაც შეურაცხმყოფდა.

ვერც იმის მტკიცებას დავიწყებდი, რა პირობებში უწევდა საქმიანობა ჩემს ფირმას შევარდნაძის დროს და რამდენად გაიზარდა ახლა. მიუხედავად ამისა, მაინც მინდოდა, რუსუდანი ჩართულიყო პოლიტიკაში. მე ბუნებით ბიზნესმენი ვარ, არ შემიძლია, ფული ვისესხო და ვინმეს ვაჩუქო, რუსუდანი კი ამას გააკეთებს, შეუძლია სარისკო ნაბიჯის გადადგმა, უფრო მეტს გააკეთებს ხალხისთვის და მათ უფლებებსაც დაიცავს.

როდესაც მან სახელისუფლებო პარტიის სახელით განიზრახა კენჭისყრა, არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თუ მისნაირები არ მოვიდნენ პოლიტიკაში, ხომ ვერ შეიცვლება პარლამენტი?

რამდენპროცენტიან წილში უზის მერია „ცენტრპოინტს“?

- აქვე ხატებია და მერწმუნეთ, არ ვტყუით. თავს უფლებას ვერ მივცემ ის მოვყვე, რაც 2003 წლამდე ხდებოდა. ვახტანგს არაფერს ვეუბნებოდი... ახლა ვამბობ, დღეს წილს კი არა, კაპიკსაც არავის ვაძლევ. ერთი სასტუმროს აშენებას 2 მილიონი მაინც უნდა და როგორ ავაშენებდი 100 სასტუმროს, ვინმე რომ წილში მეჯდეს. 2000 წელი რომ ყოფილიყო, ამის მეათასედსაც  ვერ გავაკეთებდი.