„ნაციონალური მოძრაობა კვლავ 2003 წლის მეთოდის ტყვეობაშია, ხოლო ოცნება – 2012 წლისა“

„ნაციონალური მოძრაობა კვლავ 2003 წლის მეთოდის ტყვეობაშია, ხოლო ოცნება – 2012 წლისა“

ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, საქართველოში ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ შეიქმნას გონებისა და ზნეობის კანონებით მოქმედი და მეტყველი პოლიტიკური ძალა, რომელიც თანამიმდევრულად ჩამოართმევს ინიციატივას გაავებულ და ჩიხში შესულ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ და საბოლოოდ შეძლებს გაავებული დაპირისპირებისა და ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმიდან ქვეყანა დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში გადაიყვანოს.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

თბილისისგან განსხვავებით პროცესები უმართავ სახეს იძენს რეგიონებში, რაც რეალურად, ხელს აძლევსნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი, რომლიც ამტკიცებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი იძირება და სურს ჩაძიროს საქართველოც. სააკაშვილი ღიად საუბრობს სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რომლის იმიტაციას, მისი თქმით, ივანიშვილი აკეთებს. ბატონო ზაზა, რაშია ივანიშვილის ძალა და რაშია მისი სისუსტე?

ზაზა ფირალიშვილი: ივანიშვილის მთავარი ძალა (ისევე, როგორც მისი წინამორბედებისა) ჩვენი ბოლშევიკური მემკვიდრეობაა. იცით, რაში ჩანს ყველაზე მეტად ეს მემკვიდრეობა? იმაში, რომ ჩვენში თითქოს მიძინებულია საკუთარი სასიცოცხლო სივრცის შექმნის ინსტიქტი და დღემდე, საბჭოთა იმპერიის ნგრევიდან ოცდაათი წლის თავზე, ჯერ კიდევ საშინაო და საგარეო პატრონის ძიებაში ვართ, კვლავ ვეძებთ ვიღაცას, ვინც საჭმლით და საზრისით უზრუნველგვყოფს. კვლავ იოლად ვექცევით პოლიტიკური მითოსის ტყვეობაში, პოლიტიკაში სიკეთისა და ბოროტების საბოლოო ომს ვხედავთ და არა განვითარების ისტორიულ პროცესს. ეს მემკვიდრეობა ნელა, მაგრამ მაინც შეუქცევადად ქრება.

უფრო და უფრო მეტს ვხედავთ ადამიანებს, ვინც მიუხედავად გაჭირვებისა, ომებისა, ხელისუფალთა უმსგავსობისა, თავისი ცხოვრება შექმნეს და სხვებსაც დაეხმარენ. სწორედ ასეთებია ქვეყნის იმედი და არა ისინი, ვინც ღვთის მიერ წყალობად მიცემულ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რაში ხარჯავს; ვინც ვერა და ვერ გაიაზრა, რომ ადამიანი თავისი თავისა და თავისი სასიცოცხლო სივრცის შექმნითაა ადამიანი და არა განცხრომით და პატრონის მოლოდინით. ასეთები თევზს მოითხოვენ და არა ანკესს და ზიზღით უცქერენ იმათ, ვინც თავადაც მოიპოვა ანკესი და სხვასაც სთავაზობს.

რამდენად დიდია ასეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც თევზს ითხოვენ და არა ანკესს?

– სამწუხაროდ, ასეთების ოდენობა ჩვენში ჯერაც კრიტიკულად დიდია. არადა, ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს – სახელმწიფოს შექმნა და ზრუნვა სჭირდება. თევზის დარიგებით ივანიშვილი სწორედ ჩვენი ბოლშევიკური მემკვიდრეობის რეანიმირებას ახდენს. უკვე 2012 წელს ვთქვი, რომ ის ფორმა (პირობითად, თევზის დარიგების ფორმა), რომლითაც მან ქართულ პოლიტიკაში ფულის დიდი მასა შემოიტანა, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს დაამუხრუჭებდა. მაშინ სააკაშვილის მიმართ აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ ეს ბევრმა ვერ გაიაზრა. დღეს, ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება.

ანუ, რეანიმირებული ბოლშევიზმის ეპოქა გვაქვს?

– ბოლშევიზმი არსად წასულა, რადგან სოციალური ნიღაბი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრისათვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პირადი ღირსებები. ცნობიერებაში სოციალური იერარქიები ისე მყარად არის ჩამჯდარი, როგორც, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბატონყმობის დროსაც კი არ იყო. ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი იმის ძიებაშია, ვის ემონოს და ვისზე გაბატონდეს, ვისგან მოითმონოს ყველაფერი და ვისთან ითავხედოს.

მეტსაც ვიტყვი, სწორედ ასეთი ადამიანური მასალაა რუსული პოლიტიკის ყველაზე დიდი იმედი, რადგან იცის, რომ სწორედ ამ კატეგორიას დაითანხმებს ყველაზე იოლად იმპერიის ეგზოტიკური დანამატის როლზე. სტალინიც, როგორც ფენომენი, არსადაც არ წასულა, რადგან ყოველი ხელისუფალი იჯერებს, რომ ეს მდგომარეობა მას სამუდამოდ მიეცა და, რომ ოსტატური ხრიკებით უსასრულოდ შეუძლია ადამიანების მართვა და გაბითურება; ხოლო ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ასეთივე ხრიკებით ქვეყანას კვლავ რევოლუციამდე მიიყვანს.

ჰოდა, ასე თამაშობენ ჩვენს თვალწინ ერთიცა და მეორეც თავის დაუსრულებელ პოლიტიკურ თამაშებს და ჩვენ კიდევ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ეს სადღაც სხვაგან ხდება და არა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ეს ფსიქო–სოციალური ტიპია დღევანდელი მმართველებისათვის ყველაზე დიდი იმედი და საყრდენი. ვიწყებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის წყურვილით და ერთგვარი „გიურჯი ბაშის“ მმართველობის ნეოფეოდალური სისტემით ვამთავრებთ. დღეს ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა.

რაც შეეხება სისუსტეებს, რა არისქართული ოცნებისთავმჯდომარის მთავარი სისუსტე?

– ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი მთავარი სისუსტე ისაა, ის დარწმუნებულია, რომ ფულით ყველაფრის მოგვარება შეიძლება. ცხადია, ფულით შეიძლება ათასობით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფისა და ათობით საზოგადოებრივი აზრის შემქნელის განწყობების მართვა, მაგრამ ძალიან ბევრისათვის უკვე დადგა და კიდევ ბევრისთვის დადგება მომენტი, როდესაც აღმოაჩენს, რომ ფულის გამო რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დაუთმია. დაუთმია ის, რის გამოც ადამიანი გქვია.

ივანიშვილი ქმნის ერთგვარ არაფორმალურ იერარქიას ქონებრივი ნიშნით. ის ცდილობს, საკვანძო თანამდებობებზე ჰყავდეს მასზე ფინანსურად დამოკიდებული ადამიანები და ამგვარი ლოიალური ვერტიკალით მართოს ქვეყანა. ამ მეთოდმა გაჭრა რუსეთში, გაჭრა შუა აზიაში, დღეს ყალიბდება და დიდწილად ჩამოყალიბდა საქართველოშიც. პუტინმა შეძლო ამ კატეგორიის ადამიანებით და მასმედიის მართვით ხელისუფლების მძლავრი ვერტიკალი შეექმნა. ამის წანამძღვარი რუსული მოსახლეობის თავისებურებაა და ეს არაა უნივერსალური ხერხი. ქართველი კაცის ყბადაღებული თავნებობა და ეგოცენტრიზმი, მიუხედავად ამ თვისების მთელი მანკიერებისა, იმის გარანტიაც არის, რომ ის ვერ აიტანს, თუ ვინმე ცოცხალთაგანი შეეცდება მის მთლიანად დაპატრონებას და სტალინის როლის კისრებას.

გადახედეთ ჩვენს უახლეს ისტორიას და დაინახავთ, რომ ეს ასეა. სტალინის გამეორებას ხანგძლივი სტალინური რეპრესიებით მოგვრილი ძრწოლა უნდა. ეს კი ჩვენში სრულიად შეუძლებელია. შეიძლება გაგივიდეს ძალადობის ორი–სამი ფაქტი, ქართველი კაციც გარეგნულად გულგრილად შეხვდეს ამას, მაგრამ ერთხელაც ხმას ამოიღებს – ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში ამოიღო. საქართველოში ნებისმიერი მმართველისათვის გადარჩენის მთავარი გზა თავისი სიმართლის რწმენის შენარჩუნება, ამ რწმენის ადამიანებისათვის გაზიარებაა და არა ბოლშევიკური ბაცილის მატარებელი ადამიანების განწყობებით მანიპულირება.

ქართული ოცნებისთავმჯდომარის ინტერვიუდან ჩანს, რომ ვინცოცნების“ მმართველობას უპირისპირდება, „ნაციონალური მოძრაობისწევრია, მაშინ როდესაც საპროტესტო მუხტის მატარებელი ადამიანების რაოდენობა გაცილებით დიდია. ეს არის ივანიშვილის სისუსტის მაჩვენებელი?

– მისი სისუსტე ისიცაა, რომ, როგორც ბოლო ინტერვიუდან ჩანს, დარწმუნებულია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის მიმართ მადლიერებითაა გაჟღენთილი და ამ მადლიერების გამოვლენას მხოლოდ „ნაციონალები“ უშლიან ხელს. მას, მართლაც, წარმოუდგენია, რომ ყველა, ვინც დღეს აპროტესტებს, ან „ნაციონალია“, ან მათ მიერ მოსყიდული. თავის მოტყუების რეჟიმში ყოფნა კი არავისთვის არასოდეს ყოფილა სიკეთის საწინდარი.

მგონი მას მართლა წარმოუდგენია, რომ ყველა, ვინც საპროტესტო მუხტის მატარებელია, ფარული ან აშკარა „ნაცია“. აბა, საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებს?! იგი 90–იანი წლების რუსეთში ჩამოყალიბდა დასწორედ იქ შექმნა წარმატებული ბიზნეს–იმპერია. 90–იანი წლების რუსეთში კი, ნებისმიერი მორალისტური სენტიმენტები სასიკვდილოდ იყო საშიში.

ის ძალიან ცუდად იცნობს ჩვენს ეპოქას და ქართულ საზოგადოებას. უკმაყოფილოა ქართული საზოგადოებით და ეჭვი მაქვს, ამასთან არის დაკავშირებული მისი გატაცება, როგორც თავად ამბობს, „ერის გენეტიკური კოდის განვითარების“ პრობლემებით. როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ თავად ყველაზე კარგად უწყის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოება. როგორ არ გაგახსენდეს კაცს სააკაშვილის თეზისი მის მიერ საქართველოში განხორციელებული კულტურული რევოლუციისა და მისი პოლიტიკის წყალობით ქართველი კაცის რადიკალური შეცვლის შესახებ?!

როგორ შეიძლება ამ სიტუაციას ეშველოს?

– კითხვას სხვაგვარად დავსვამდი: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ „ნაცებისა“ და „ქოცების“ ამ ავმა და აბსურდულმა დაპირისპირებამ, უკმაყოფილებამ კვლავ ვინმე, ახალი მესია არ შვას ისევე, როგორც სააკაშვილმა შვა ივანიშვილი, უფრო ადრე კი შევარდნაძემ –სააკაშვილი. ამისთვის აუცილებელია კრიტიკულად ბევრი ადამიანის ფხიზელი, ილუზიებით დაუბრმავებელი თვალი, რასაც სხვაგვარად პოლიტიკურ კულტურას უწოდებენ. ჩვენი უბედურება არ იბადება ჩვენს გარეშე. ბისმარკი რომ ჩვენში დაბადებულიყო, ისიც ან საკაშვილად იქცეოდა ან ივანიშვილად, რადგან ქართველ კაცი ჯერაც გაორებულია - თან, დაკვეთა ჯერ კიდევ „გიურჯი ბაშის“ რაღაც ნაირსახეობაზე აქვს, მაგრამ საკმარისია, ვინმემ ეს როლი იკისროს, რომ თავიდან იშორებს.

არსებულ პოლიტიკურ რეალობას თუ გადავხედავთ, ჩვენ როგორი ბისმარკი გვჭირდება?

– ჩვენ ისეთი ბისმარკი გვჭირდება, რომელიც კარგად იცობს ქართველ კაცის მანკიერებებსაც და პატივს სცემს იმ დიდ სიკეთესაც, რომლის მატარებლებიც ვართ. სიკეთისა და ისტორიული ენერგიის მატარებლები რომ არ ვყოფილიყავით, ჩვენს შორის არ იქნებოდნენ ბესიკ ხარანაული, აკა მორჩილაძე, ლევან წულაძე, ლაშა ტალახაძე, ჩვენი მორაგბეები, ბიზნესმენები, რომლებმაც, მიუხედავად ხელისუფლებათა უვარგისი ქცევისა, ქართული ეკონომიკა მაინც წინ წასწიეს და ბევრი კიდევ სხვა.

ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელსაც მხედველობაში მუდმივად ის ექნებათ, თუ მათი ყოველი ნაბიჯი როგორ აისახება ჩვენს სასიცოცხლო სივრცეზე და რა სახით დაგვხვდება ათი წლის შემდეგ. მნიშვნელობა არა აქვს ასეთი მავანი ერთი კაცი იქნება თუ ადამიანების ჯგუფი. მთავარია, რომ მან შეინარჩუნოს იმ ადამიანების პატივისცემა, რომელთა მართვაც მოუწია, მიუხედავად ბევრი ჩვენი ნაკლისა და სისუსტეებისა.

ვინც შეძლებს, და თავის თავში იმდენად მაინც დაძლევს პიროვნულ ნარცისიზმსა და მესიანიზმს, რომ ხელისუფლების მოპოვების შემდეგაც ეხსომება ცხადი რამ: იმდენი არ უნდა დააშავოს და იმდენი სიკეთე მაინც უნდა გააკეთოს, რომ წყევლით აღარ მოუწიოს წასვლა, რომ ერთ დღესაც მისი პოლიტიკური რესურსებიც ამოიწურება და ეს გარდუვალია. ჩვენ დიდი ისტორიული ენერგიის მქონე ხალხი ვართ და დიდი ისტორიული შუალედის შემდეგ ხელახლა გვიწევს, ამ ენერგიის გონებისა და ზნეობის კანონებით მართვა ვისწავლოთ.

საით მიდის პროცესები, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა?

– საერთაშორისო რეაქციას თუ გადავხედავთ, ცხადია, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და ერთადერთ მოკავშირედ და მოყვარედ რუსეთი გვეყოლება. დღევანდელი ხელისუფლება უტიფარი სიმშვიდით განაგრძობს ცივილიზებული სამყაროსათვის ცუდი პარტნიორის ავტორიტეტის მოპოვებას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა დავემშვიდობოთ დიდ საერთაშორისო პროექტებს და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ქვეყნის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების სურვილსაც, ეკონომიკის განვითარებასაც და ა.შ. – ყველაფერ იმას, რაც რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ შედის.

ანაკლიის ნაცვლად კვლავ შემოგვთავაზებენ მარიხუანას ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად – შრომით მიგრაციას, ნორმალური საკადრო პოლიტიკის ნაცვლად – თანამდებობის პირების გასანათლებლად რაღაც უცნაური სტრუქტურის შექმნას (რომელიც ძნელია, ადამიანმა სერიოზულად აღიქვა და სწრაფად დავივიწყეთ კიდეც) და ა.შ.

ამ თემას ერთხელაც უნდა მივუბრუნდე – განა საკადრო პოლიტიკის კრიზისს არ ნიშნავს, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი ხელმძღვანელი ქალბატონ მაია მიმინოშვილს ავალებს, რომ მის მიერ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად შერჩეულ და უკვე თანამდებობებზე გამწესებულ კადრებს განათლება და უნარები შესძინოს?! ჩვენი დღევანდელობის ნიშანი ისიცაა, რომ ორი მთავარი პოლიტიკური ძალა (არ მინდა, სხვა სიტყვა ვიხმარო) არაბუნებრივი სიჯიუტით ცდილობს იმ გზის გამეორებას, რომელმაც ოდესღაც წარმატება მოუტანა: ნაციონალური მოძრაობა კვლავ 2003 წლის მეთოდის ტყვეობაშია, ხოლო ოცნება – 2012 წლისა.

თითქოს აშკარაა, რომ აქედან აღარაფერი გამოვა, რომ უბრალო ადამიანებში ძნელია მაშინდელ ოპტიმიზმის აღძვრა თუნდაც იმ მიზეზით, რომ მას შემდეგ ბევრი შეცდომა დაგიშვია, დანაშაულშიც ხარ ბრალდებული და ხალხიც ბევრჯერ მოგიტყუებია, მაგრამ ჯუტად განაგრძობ შენსას. არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ არის დიდი ნიჭიერების ნიშანი ის, რომ ვერ ხვდებიან, თუ როგორი შეუძლებელია წარსულის მობრუნება.

ბატონო ზაზა, როგორია ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა?

– როგორც ერთ–ერთ ყველაზე კრიტიკული ჩვენს უახლეს ისტორიაში, ხელისუფლებამ თავისი რესურსები რომ ამოწურა, აშკარაა. ადრეც ხშირად მილაპარაკია იმაზე, რომ ასეთი კონცეპტუალური სიღატაკე და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტი კარგ არაფერს მოიტანდა. მარიხუანას ეკონომიკა, დასაქმების ნაცვლად აქცენტის შრომით მიგრაციაზე გადატანა, მასმედიის კონტროლი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აგრესია, რაშიც აშკარად ჩანს პუტინისეული მეთოდების გავლენა, ოპოზიციური აზრის ნაციონალებთან გაიგივება და საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმის შექმნის უუნარობა, სახელისუფლებო გუნდის სწრაფი ეროზია და ა.შ. ამ კრიზისის აშკარა ნიშნებია.

ამას დაუმატეთ, უცხოური ინვესტიციების 54%–ით შემცირება, რუსების სასიამოვნებლად ანაკლიის პროექტის ჩაგდება და მისი ავტორების სისხლის სამართლებრივი დევნა სრულიად აბსურდული ბრალდების საფუძველზე, საერთაშორისო აზრის იგნორირება და ა.შ. პოლიტიკური პროცესები ორი ძალის რადიკალური დაპირისპირების რეჟიმშია შესული და, შესაბამისად, პარალიზებული. აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია: ახალი პოლიტიკური ცენტრისა და ალტერნატიული პოლიტიკური დისკურსის გამოკვეთა.

რამდენად აქვს ამის რესურსი ქვეყანას?

– ქვეყანაში ნამდვილად არსებობს ამისი რესურსები. შორს ვარ აზრისაგან, რომ ეს ცენტრი მხოლოდ ახალმა ადამიანებმა უნდა შექმნან. საიმისოდ, რომ ახალმა ადამიანმა ჩვენს საინფორმაციო სივრცეზე თავი დაიმკვიდროს, საკმაოდ დიდი დრო არის საჭირო. შორს ვარ იმ აზრისაგანაც, რომ „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ფორმულა უშველის საქმეს, რადგან ამ ყველაში წამყვან როლს ის მოიპოვებს და ამ „ყველას“ გაიგივება სწორედ იმ ძალასთან მოხდება, რომლის მიმართ ნდობაც ისეთივე დაბალია, როგორც ხელისუფლების მიმართ.

ალბათ, დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურად, იდეოლოგიურად თუ, თუნდაც, კულტურულად ერთგვაროვანმა ძალებმა ერთმანეთი მოძებნონ, წვრილ–წვრილი პოლიტიკური წარმონაქმნების ლიდერთა თავკერძობა გადალახონ და გამსხვილდნენ. დღევანდელ ვითარებაში ყოველი არჩევნების დროს ვხედავთ, თუ როგორ „გმირულად“ მარცხდებიან ცალკეულები იმის გამო, რომ პოლიტიკურ ინტერესებსა და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პიროვნულ ინტერესებს აყენებენ.

პოლიტიკიდან პიროვნულ ინტერესებს ვერავინ გამორიცხავს, მაგრამ როდესაც მათი როლი განუზომლად დიდია და უსაფუძვლო იმედებს ეყრდნობა, ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. ასეა თუ ისე, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელ პარტიკულარისტულ პოლიტიკურ თამაშებში ქვეყანა შეუჩერებლად მიექანება „გიურჯი ბაშის“ ერთპიროვნული რეჟიმისაკენ და ამაში დამნაშავე მხოლოდ ვიღაც ერთი კი არ არის, არამედ ჩვენი ხასიათის ზოგი მანკიერებაცაა.

საქართველოში ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ შეიქმნას გონებისა და ზნეობის კანონებით მოქმედი და მეტყველი პოლიტიკური ძალა, რომელიც თანამიმდევრულად ჩამოართმევს ინიციატივას გაავებულ და ჩიხში შესულ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ და არც იმის ილუზია ექნება, რომ სამუდამოდ მიეცა ძალუფლება, საბოლოოდ, ვინც შეძლებს გაავებული დაპირისპირებისა და ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმიდან ქვეყანა დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში გადაიყვანოს.