კობა ამირხანაშვილმა მემუარების წერა დაიწყო

კობა ამირხანაშვილმა მემუარების წერა დაიწყო

აი, რა სარგებლობა მოაქვს შინ ჯდომას!

თურმე, ბატონი ედუარდის მსგავსად, ექსდეპუტატი კობა ამირხანაშვილიც მემუარებს წერს. წიგნს გემრიელი სახელი ჰქვია „შოკოლადის სავარძელი“, რომელსაც თავად ავტორი ასე ხსნის - სავარძელი პოლიტიკოსისთვის ტკბილია, თან ბევრს სურს, რომ შეგიჭამოს, ამასთანავე, თუ მასზე დიდხანს დაჯდები, საჯდომი გაგითბება და...

ამიტომ დროულად ადგომა უნდა იცოდეო.

ისე, ჩემთვის რომ ეკითხა, ვეტყოდი, თაფლისა დაარქვი, დადნობისა რა გითხრა, მაგრამ შიგ ბევრი ეწებება - მეთქი, მაგრამ არ მკითხა და...

ჩვენში დარჩეს და თავად ბატონი კობაც კარგა საფუძვლიანად იყო ჩაწებებული - რვა წელიწადი და კიდო ნახევარი პარლამენტის წევრი იყო! ახლა რა ენაღვლება, შორიდან უყურებს სხდომებს, „მშობლიურ“ პარლამენტშიც იშვიათად მიდის და ყოველდღე ვარდების რევოლუციის სიმბოლოს შესციცინებს - ის ვარდი, რომლითაც სააკაშვილმა შევარდნაძე გადააყენა, ამირხანაშვილს დაჩარჩოებული სახლში უკიდია. შაყირისა და ხუმრობის ხასიათზეა, საკუთარ თავს და „ძველებს“ გარდაცვლილს ეძახის - აბა, სხვა რა გვქვია, ერთმანეთს მხოლოდ გასვენებებზეღა ვხვდებით, „ბრიგადირ“ ხაზარაძესაც იშვიათად ვნახულობო...

ერთ მაგარ რამესაც ამბობს, - როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა, ქორწილის მსგავსად იყო პარტიის სიები შედგენილი, აი, ქორწილში ნათესავებს რომ ეპატიჟებიან, სწორედ ისეო. ვააა, ახლა ქორწილის სიებს მაინც ჰგავს, წინები რომ ქელეხისას ჰგავდა, არა უჭირს?!

გურიაში როგორც იტყვიან, „ფულის დაწერა“ იყო და ვინც მეტს „დაწერდა“, სიის თავშიც გადაინაცვლებდა... „თბილისელებს“ „შეებრალა“ ახალი პარლამენტი და „გამოესარჩლა“, - აგრე რიგად რატომ ხართ მათზე გაბრაზებული, გმირები ჩვენს პარლამენტსაც ჰყავსო.

ბატონი კობა კი აქვე საუკეთესო თერთმეტმეტრიანს ურტყამს - გმირები მე მხოლოდ სასაფლაოზე ვიციო... აბა, ამაზე რაღა კომენტარი უნდა გავაკეთო?