2020 წელს პენსიის მატებას ეკონომისტები არასაკმარისად მიიჩნევენ. გაზრდილი ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში 20-ლარიანი ზრდა ცოტათიც კი ვერ აუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ივლისიდან 70 წელს გადაცილებულები, რადგან მათთვის 50-ლარიანი მატებაა განსაზღვრული, თუმცა საგრძნობლად ვითარება არც მათთვის შეიცვლება.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ქვეყანაში დადგენილი პენსიის ოდენობას. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლის გარეშეც არაადეკვატურია პენსიის ის ოდენობა, რომელსაც პენსიონერები იღებენ.
„ეს არის თანხა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ პასუხობს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყოველწლიურად ფასები გაცილებით მეტად იზრდება, ვიდრე პენსიის ოდენობა. ხარჯი უფრო მეტად ეზრდებათ პენსიონერებს, ვიდრე შემოსავალი. განსაკუთრებით რთულია ცხოვრება მათთვის, ვისთვისაც პენსია ერთადერთი შემოსავალია, ასეთები კი სამწუხაროდ ბევრნი არიან. საკითხი პრობლემატურია ქვეყნისთვისაც და ასე სწრაფად ვერ მოგვარდება. მანამდე კი ასაკოვანი ადამიანები საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დგანან, ამ გამოწვევას კი გაძვირებული პროდუქტები ჰქვია.
ეტაპობრივად გვესმის წინასაარჩევნო დაპირებები პენსიის გაზრდის შესახებ, უმნიშვნელოდ იზრდება კიდეც, თუმცა ეს ზრდა არ არის იმის საპირწონე, რამდენადაც მატულობს ფასები საქართველოში. მარტოხელა პენსიონრები არიან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენა, რომლებიც იყენებენ იმ პროდუქტს, რაზეც ფასი გაცილებით მეტად გაძვირდა, ვიდრე 7%-იანი ინფლაციაა“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ეკონომისტი გია ჯანდიერი კი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისი იმ მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს.
„7%-იანი ინფლაცია როგორც პენსიონერებზე ასევე მთელს ქვეყანაზე ცუდად აისახება, მით უმეტეს საქართველოში. ინვესტორები კიდევ უფრო დაფრთხებიან და დაფიქრდებიან იმაზე, ღირს თუ არა საქართველოში ინვესტიცია ჩადება. ასეთი ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში ბიზნესის დაგეგმვა საკმაოდ რთულდება. ინფლაციის უკან მთავრობა და მისი მცდარი ნაბიჯები დგას, რომელიც მწვავედ და მტკივნეულად მოწყვლად მოსახლეობაზე აისახება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დროულად იზრუნონ ლარის კურსის დაკორექტირებაზეც, მაგრამ ეს მთავრობა კურსის კორექტირებას როგორ აღიქვამს, არ ვიცი. კურსს ზემოთ აკორექტირებენ და არა პირიქით“, - ამბობს ჯანდიერი.
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანი კი ამბობს, რომ 2020 წელს მთავრობა პენსიას იმ მოცულობით ზრდის, რისი შესაძლებლობაც აქვს. სამწუხაროდ, მეტის რესურსი ქვეყანას ახლა არ აქვს.
„უკვე ცნობილია, რომ 2020 წლიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები მიიღებენ 250 ლარს და თუ ისინი მთიან რეგიონში ცხოვრობენ - 300 ლარს. ადრე ხშირად იყო 300-ლარიანი დაპირებები, რაც იმ დროისთვის იყო უპასუხისმგებლო დაპირებები და შეუძლებელი. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ. ჩვენ გამოვედით რეალური შესაძლებლობებიდან და მომავალში პენსიის ინდექსაციის ინიციატივით შემოვალთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ სავალუტო ფონდთან მოუწია საკმაოდ რთული, რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება.
„ვერ ვთანხმდებოდით. არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტური და უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა რასაკვირველია, სავალუტო ფონდი ჩარჩოებს გვიწესებს და გვეუბნება, რომ ფისკალურად უნდა იყოს შესაძლებელი ეს მხოლოდ გრძელ ვადაში. საბოლოოდ, ჩვენ გამოვალთ საპენსიო ინდექსაციით, სადაც დიფერენცირებული მიდგომა გვექნება ასაკობრივ ჭრილში. მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანია“, - განაცახადა მაჭავარიანმა.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პირველი იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220 მლნ ლარზე მეტი.