ერთი მერცხლით გაზაფხული არ მოდის: შენგელია

ერთი მერცხლით გაზაფხული არ მოდის: შენგელია "ბასკონიას" მარტო ვერ შველის

ევროლიგაში თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ ულიდერა, მაგრამ ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს და ესპანური გუნდიც შინ ლიდერ „ანადოლუ ეფესთან“ განადგურდა.

თურქული გუნდი ჩინებულ სეზონს ატარებს და ვიტორიელებთან ოთხივე პერიოდში ლიდერობდა, შედეგად - 102:77.

შენგელიამ პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა, პარკეტზე 35:44 წუთი დაჰყო და ხსენებულ დროში 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.

თორნიკე, როგორც მოპოვებული ქულების რაოდენობით (20), ისე სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) ესპანელთა რიგებში საუკეთესო იყო. „ანადოლუ ეფესის“ რიგებში კი 24 ქულით საუკეთესო შეინ ლარკინი, რომელიც ადრე სწორედ „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.

ესპანურ გუნდს 12 ტურის თავზე 5 მოგებითა და 7 წაგებით მე-11 პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.