„პატრიოტთა ალიანსი“ მნიშვნელოვან ფაქტორად რომ იქცეს, ჯერ „ნაცები“ უნდა გავიდნენ თამაშიდან“

„პატრიოტთა ალიანსი“ მნიშვნელოვან ფაქტორად რომ იქცეს, ჯერ „ნაცები“ უნდა გავიდნენ თამაშიდან“

ასრულებს თუ არა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების დაკვეთას?! ამ კითხვაზე პასუხი ერთადერთია, რომ ხალხის დაკვეთა სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა გამო არ სრულდება. მესამე ძალის მოლოდინით დაღლილ ელექტორატს არჩევანი არ აქვს და კვლავაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის უწევს ლავირება. მესამე ძალის სტატუსის მორგებას კი არაერთი ძალა ცდილობს, თუმცა ვინ არის ნამდვილი მესამე ძალა და ვინ არის ფსევდოოპოზიცია, ამის გარკვევა არც ისე ადვილია.

რამდენი გავლენის ცენტრია ჩვენს რეალობაში, რომელსაც მეტ-ნაკლები წონა გააჩნია?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ფლანგია-„ქართული ოცნება“, „ნაციონალები“ და „პატრიოტთა ალიანსი“. მესამე ძალაზე როცა ლაპარაკობენ, დავით ზარდიაშვილის აზრით, ასეთი ძალა სწორედ „პატრიოტთა ალიანსია“.

„მხოლოდ „ნაცებისა“ და „ქართული ოცნების“ ბანაკები კი არ არის დღეს საქართველოში, არამედ არის კიდევ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც სულაც არ გახლავთ ფსევდო ოპოზიცია. იმის გამო, რომ დომინანტი არის „ნაცებისა“ და „ქოცების“ დაპირისპირება მთელ პოლიტიკურ პროცესში, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ სივრცე აღარ რჩება, რადგან „ნაცების“ წინააღმდეგ „პატრიოტები“ „ქართული ოცნების“ მოკავშირეებად გამოდიან. სანამ დომინანტური იქნება ეს ურთიერთობები და, სანამ მთავარი იქნება „ნაცების“ მოშორება, ანუ პოლიტიკური ველიდან მათი გაყვანა, მანამ ეს პოლიტიკური სისტემა არ გაუმჯობესდება“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეალურ ძალას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ „პატრიოტებმა“ მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. ამდენად, პატრიოტთა ალიანსი“ მნიშვნელოვან ფაქტორად რომ იქცეს, ჯერ „ნაცები“ უნდა გავიდნენ თამაშიდან.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ეს სულ სხვა პოლუსია და „ლელო“ ამ ეტაპზე „პატრიოტთა ალიანსამდე“ ვერ მივა, რადგან მას მთავარი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. კერძოდ, ხაზარაძის „ლელო“ ჯერ უნდა დაფიქსირდეს, როგორც პოლიტიკური ძალა, ის ჯერ უნდა იშვას. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ქმნადობის პროცესშია „ლელო“ და არ არის ჩამოყალიბებული. რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება რთულია. მართალია, ხაზარაძე აცხადებს, ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტსო, მაგრამ, დავით ზარდიაშვილის თქმით, ეს ჯერ ცარიელი განცხადებებია და ამ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ ხაზარაძეს სერიოზული გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე.

დავით ზარდიაშვილი პარლამენტში ახალი ფრაქციის- „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შექმნაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ანალიტიკოსის აზრით, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჯერჯერობით არ იდენტიფიცირდება რაიმე მნიშვნელოვანი რესურსის მქონე ძალად და ალტერნატივად. მომავალი გვიჩვენებს, როგორი იქნება მათი პერსპექტივა, მაგრამ ამ მომენტში ისინი მესამე ძალად არ აღიქმებიან და საეჭვოა, რაიმე გავლენა მოახდინონ პროცესებზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველოში შეიქმნა კლასიკური პატური (არც შენთან და არც შენს გარეშე) სიტუაცია, როდესაც კონსენსუსი დარღვეულია და სამი პოლიტიკური ცენტრია გაჩენილი.

„პირველი ცენტრი ეს არის მმართველი პოლიტიკური პარტია-„ქართული ოცნება“, რომელიც იზოლაციაში აღმოჩნდა გასაგებ მიზეზთა გამო, რადგან ბოლო საყრდენი მოკავშირე ნეოკონსერვატორების სახით (ძიძიგურისა და ბუკიას ჯგუფის სახით) გამოეცალა. გამორიცხული არ არის, „სოციალ-დემოკრატებიც“ გავიდნენ და „პატრიოტთა ალიანსთან“ შექმნან ახალი კოალიცია, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან გაშიშვლებული დარჩება. მეორე პოლიტიკური ცენტრია გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც იმდენად ჭრელი და განსხვავებული პოლიტიკური მიზნების მქონეა, რომ საეჭვოა, რამდენად ეყოფათ კონსენსუსის შენარჩუნების ძალა. თანაც, ამ გაერთიანებას ხალხთა მასების მხარდაჭერა არ გააჩნია. სხვათა შორის, არც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ამგვარი მხარდაჭერა, რადგან ქართული ელექტორატის უმრავლესობა, რომელიც ქმნის ამინდს საქართველოში, იმედგაცრუებული დარჩა „ოცნების“ მიმართ და პასიურ რეჟიმშია, ისინი არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ არ გამოხატავენ მხარდაჭერას, მაგრამ ასეთი სიტუაცია წყალს ასხამს მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. მმართველი ძალა ფორმალურად ინარჩუნებს პოლიტიკური მართვის ბერკეტებს, ძალაუფლების ინსტრუმენტები მის ხელშია, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ელექტორატის მხრიდან პასიური მხარდაჭერაც აწყობს. ამ ელექტორატს კი სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან მეორე ფლანგზე აშკარად ჩანს „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელიც ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას მართავს და ორკესტრირებს. სანამ ეს ორი ძალა იქნება ასოცირებული გაერთიანებულ ოპოზიციასთან, ხალხი მათთან არ მივა“,-აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და მესამე ძალაზეც მიანიშნებს, კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ კოალიციაზე.

რაც შეეხება მეოთხე ძალას, ანალიტიკოსის განმარტებით, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხაზარაძის „ლელოს“ ჰქონდა შანსები და მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ასოცირება არ მოახდინა „ნაცმოძრაობასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალასთან და სულ სხვა გზა აირჩია, მაგრამ „ლელოს“ შემდგომმა ქმედებამ, როცა ის გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, მეოთხე პოლიტიკური ძალის იმიჯი თავადვე დაამსხვრია. რამდენად შეძლებს „ლელო“ ამ სტატუსის აღდგენას, ეს არავინ იცის.

ვახტანგ მაისიას აზრით, დავით უსუფაშვილის „შენების პარტიას“ ჰქონდა შანსი, მესამე ცენტრი გამხდარიყო, რადგან უსუფაშვილს აქვს კრეატიული და საინტერესო იდეები, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ე.წ. ოპოზიციას შეუერთდა.