„ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება და ეს სისტემა საიმისოდ, რომ, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში“,-ასეთია გიგი უგულავას პროგნოზი. მისი აზრით, ორი პარტიის სისტემა ისტორიულად ყოველთვის ასეთი შედეგით მთავრდებოდა და მათ, ვისაც მიშას დაბრუნება აშინებთ, უნდა იცოდნენ, რომ ეს სისტემა ისევ მიშას მოიყვანს.
სააკაშვილის დაბრუნების გარდაუვალობაზე არა მხოლოდ „ნაცები“ და „ევრონაცები“ საუბრობენ, არამედ ცალკეული ექსპერტებიც ამ აზრს იზიარებენ. ისინი მიშას პლუსებსა და მინუსებს წონიან და ასკვნიან, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საქმეს სააკაშვილის მასშტაბი უთუოდ წაადგება. კერძოდ, მიშას პატივს სცემენ ევროპაში, ამერიკაში, მას სწრაფი რეფორმების უნარი გააჩნია და, ამავდროულად, რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი აქვს.
როგორც ჩანს, სააკაშვილის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში გაგზავნილი მესიჯები შემთხვევითი არ არის და ასეთი მესიჯები კიდევ უფრო გამრავლდება.
შემთხვევითია თუ არა მსგავსი მესიჯები და ხომ არ აჩვევენ საზოგადოებას, რომ დემიშიზაციის პროცესს „მიშა დაბრუნდებას“ პროცესი ჩაენაცვლება?!
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პირდაპირ სამოქალაქო ომს ნიშნავს და არ შეიძლება, ეს საშიშროება არ ესმოდეთ მათ, ვინც ასეთ მესიჯებს გზავნის.
„ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ვინც ამას ამბობს, ისინი ავადმყოფები, მანიაკები არიან, რომლებიც ერთი ნაბიჯის იქით ვეღარ ხედავენ, რომ ეს პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირების გზაა. ისინი ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ამ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას შევხედოთ, დავშალოთ ისინი მარტივ მამრავლებად, როგორ გგონიათ, რამდენ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ვიპოვით მათ შორის?! ბოკერიასა და მისი მეუღლის ქცევა ხომ საერთოდ წითელი ნაჭრის ქნევაა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო ყველასთვის, რასაც გამოიწვევდა ამ ადამიანების ხელოვნური გაცოცხლება და რეანიმაცია“,-განმარტავს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი ეს სცენარი რეალურია და სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის უთუოდ პრემიერი გახდება.
„ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობაში თუ მოვა, მიშა არ იქნება პრემიერი?! გინდ გაერთიანებული ოპოზიცია დაარქვით, გინდ არა, თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი დაბრუნდება და პრემიერი გახდება. ამას არ უნდა დიდი ფილოსოფია. საქმე ისაა, რამდენად რეალურია ასეთი სცენარი, „ქართული ოცნებაც“ სწორედ იმას ცდილობს, მიშა წარმოაჩინოს საფრთხობელად. ამიტომაც მიმდინარეობს ეს აქციები და დაპირისპირება, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი პრობლემა. ახლა რა ზღაპრებიც არ უნდა მოგვიყვნენ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ ისინი წინ აღუდგებიან მიშას, მე ეს ერთხელ უკვე ვნახე და, მე მგონი, სხვებმაც კარგად ნახეს, რომ ვერავინ ვერ აღუდგება ასეთ პროცესებს. არა მარტო მიშას, სხვებთან მიმართებაშიც ეჭვი მქონდა, რომ მცდარი იყო დაპირება, მაგრები ვართ ჩვენ და არ დავაბრუნებთ იმას, ვინც ხალხს არ სურსო. როგორც წესი, ბრუნდებოდა ზუსტად ის, ვინც არ სურდათ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ ყველამ, ვინც კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, დანარჩენი გუნდი დაშალა.
ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა, სხვა ქვეყნებშიც მრავალჯერ განვითარებულა ასეთი სცენარი და ამ მხრივ გამონაკლისნი არ ვართ.
ამდენად, ის მოსაზრება, რომ სააკაშვილი რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯის მქონეა, წონადი არგუმენტი არ არის პოლიტოლოგისთვის. „მიშამ რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ რომ იბრძოლა, რა შედეგი მიიღო?!“ - აინტერესებს ვახტანგ ძაბირაძეს.
ის, რომ მიშას თურმე პატივს სცემენ ევროპასა და ამერიკაში, არაფერს ნიშნავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის. For.ge-სთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ ევროპა და ამერიკა დღეს ერთმანეთს არ სცემს პატივს. თუკი ევროპა ვინმეს პატივს სცემს, იმას ამერიკა უყურებს ალმაცერად, ხოლო, თუ ამერიკა ვინმეს პატივს სცემს, მას ევროპა არ მიაგებს პატივს.
„ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება შეგვიძლია ამერიკისა და ევროპის ლიდერების ყოველდღიურ განცხადებებშიც მოვისმინოთ, რომელიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად აცდენილი და სხვადასხვა ღირებულებისაა. მიშას ძახილი ორივე მხარეს აწყობს - „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელიწადია დარბის მიხეილ სააკაშვილი, ეს „პატიოსანი“ პოლიტიკოსი საქართველოს გარეთ და ვის ხარჯზე ცხოვრობს? დღესაც მასთან გარბიან ფულის სამათხოვროდ და ის აფინანსებს ყველაფერს. საიდან აქვს ამდენი ფული? ან კიდევ მეორე მხარე - „ქართული ოცნება“ პატიოსნებაზე რომ დებს თავს, ისინიც ამ ქვეყნის ძარცვაზე არიან გადასულნი. პრაქტიკულად, ყველას, ვისაც დღეს მიშა ან გრიშა აკერია პირზე, ამ ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს. აინტერესებს მხოლოდ საკუთარი გამდიდრება, ამ ქვეყნის ძარცვა. აქ მოპარული ფულით კი უკვე დასავლეთში გარბიან და იქ კომფორტულად გრძნობენ თავს. რამდენი ასეთი ადამიანი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ?! უბრალოდ, ეტყობა, თამასუქები შეუთხელდა ზოგიერთს, ამიტომაც ისევ მოუნდათ მობრუნება პოლიტიკაში და ქვეყნის ხელახლა ძარცვა“,-აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ მიშას დაბრუნების საშიშროება არ არსებობს და ეს „ქართული ოცნების“ მიერ გამოგონილი მითია. სწორედ ამის ხარჯზე ცხოვრობს „ოცნება“ და იხანგრძლივებს ვადას. დეპუტატის თქმით, საკუთარ გარემოცვას ეზიზღება მიშა სააკაშვილი, გარემოცვას რომ უნდოდეს სააკაშვილის დაბრუნება, მაშინ მის ინტერვიუებს ყოველდღიურად არ მოასმენინებდნენ მოსახლეობას, დაადუმებდნენ და დამალავდნენ სააკაშვილს, რადგან რამდენჯერაც გამოდის ტელევიზიით და ბოდავს სისულელეებს, იმდენჯერ იზაფრება ხალხი. ამით კიდევ უფრო შორდება თუნდაც იმ ახალგაზრდობას, ვისაც არ ახსოვს მიშა სააკაშვილი. ახალგაზრდობა რომ მოუსმენს ასეთ არაადეკვატურ პიროვნებას, შესაბამის გადაწყვეტილებასაც იღებს.
„ისე, სააკაშვილს თუ ჰყავს ვინმე მრჩეველი, აჯობებს, ურჩიოს, ამ ქვეყანას, იქნებ, ცოტა ხანს თავი დაანებოს, იქნებ, ცოტა ხანი დამშვიდდეს და ამ უღირსი ხელისუფლების მოუსავლეთში გასტუმრების საშუალება მოგვცეს“.
მაგან აქედან იმდენი ფული წაიღო რომ სინამდვილეში მაგას ბიძოზე მეტი ფული აქვს
აბა რუსთაველზე ამ სკამების მაძიებლებს ვინ აფინანსებს---- ვინ და.... ეგ და კეზერა
ცოტას უგულავაც გადის ხარჯებს...