რა სარგებელს მიიღებს საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის დიდი პროექტისგან?

რა სარგებელს მიიღებს საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის დიდი პროექტისგან?

თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (ტანაპი) ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გავლით შაჰ-დენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში, რაც საქართველოსთვის დამატებით სარგებელს მოიტანს. მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველო პრაქტიკულად უზრუნველყოფილი იქნება უფასო და იაფი ბუნერივი აირით, რომელიც ქვეყანას ტრანზიტის საფასურად დარჩება.


დღესდღეობით საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. თუმცა, მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პროექტი გულისხმობს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ზრდას და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიღწევას.


„სამხრეთის გაზის დერეფნის ძირითადი როლი არის ის, რომ აზერბაიჯანიდან გაზის გატარება მოხდეს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპაში. როგორც პოლიტიკური შინაარსი ამ პროექტის, ბუნებრივია, რომ ის სრულიად თანხვედრაშია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


იგი თურქეთში პროექტის გახსნის ღონისძიებას შეეხო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა და აღნიშნა, რომ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლიდან სამხრეთ გაზის დერეფანი დაიწყებს დატვირთვას და იგი ეტაპობრივად გაიზრდება.


„ეს არის სამხრეთ გაზის დერეფნის თურქეთის მონაკვეთი, ანუ ის მილსადენი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის. რაც შეეხება საქართველოს როლს მთელ ამ პროცესში, ცალსახაა, რომ მთელ ამ პროცესში შემოიფარგლება არა მხოლოდ გეოგრაფიული ან ინფრასტრუქტურული არეალით, ეს ფართოდ სცდება ამ ჩარჩოებს. საქართველოს აქვს ნაკისრი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


ტანაპის ამოქმედებას დადებითად აფასებენ ეკონომიკური ექსპერტები, პროფესორი ვახტანგ ჭარაია პროექტის ამოქმედებით მიღებულ სიკეთეებზე საუბრობს.


„ტანაპის ამოქმედებით 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად ხუთმაგდება, მათ შორის მხოლოდ ტანაპის გზით საქართველო მიიღებს – 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); საბოლოოდ კი დაგეგმილია ტანაპის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის სამი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე – 1.4-ჯერ მეტს.


დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრ/კუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების – 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა – 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა – 229 მილიონი, დანარჩენი კი – არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია. რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%)“, - აღნიშნავს ჭარაია.


ოფიციალური ინფორმაციით, ტანაპის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მილსადენი პირველ ეტაპზე წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.


მილსადენის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს და თურქეთის გავლით გადის, 2015 წლის მარტში დაიწყო. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2,700 მეტრია, ხოლო სიგრძე - 1804 კმ.