„თუ დარწმუნებულები არიან, რომ NDI-ის კვლევები მართებულია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მოიგონ“

„თუ დარწმუნებულები არიან, რომ NDI-ის კვლევები მართებულია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მოიგონ“

შედგება თუ არა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა, ეს უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, თუ ოპოზიცია მოახერხებს რაიმე წინადადებაზე შეჯერდეს, შეხვედრა შედგება. 30 ნოემბერს, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის რესურსი არ არსებობს, რასაც, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაეთანხმდნენ.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ირაკლი კობახიძის თქმით, „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ძალიან ცხადად გაირკვა, რომ ის პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„მოხერხდა ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, თუმცა, როდესაც ერთსა და იგივე კითხვას ხუთჯერ სვამ და არ გპასუხობენ, იციან, რომ მიიღებენ შამათს ორ სვლაში, იქ ბუნებრივია, ყველაფერი ნათელია და ეს შეხვედრის მონაწილეებმა დაინახეს. აქედან გამომდინარე, „გერმანული მოდელის“ საკითხიც მოიხსნა და ამის შემდეგ გადავიდნენ ისინი სხვა იდეებზე.

ერთ–ერთი იდეა იყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა იქ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ანუ ამ იდეაზე შეჯერებულები არ იყვნენ. შესაბამისად, დაველოდებით მათ წინადადებას. თუ ისინი რაიმე წინადადების გარშემო გაერთიანებას შეძლებენ, ამ შემთხევევაში, ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ. დაველოდოთ ჯერ მათ წინადადებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის ეჭვი უჩნდება, რომ გერმანული მოდელი განგებ არის შემოთავაზებული, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიხისტეზე ილაპარაკონ. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რევოლუციური რეჟიმი განავითაროს, რაზეც 2014 წლიდან უკვე ღიად ლაპარაკობს სააკაშვილი და მთელი მისი ეს დაჯგუფება.

„აბსოლუტურად გამოჩნდა, რომ თავადაც ზუსტადაც კარგად ესმით, რომ ეს მოდელი, რასაც გვთავაზობენ, არა თუ არ შეესაბამება ქართულ კონსტიტუციას, ქართულ სინამდვილეს, არამედ შეიძლება, სერიოზული ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს. უკვე დღევანდელი მონაცემებით ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის განგებ გაკეთებული, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიხისტეზე ილაპარაკონ და ხალხს ისევ მოუწოდონ „ქართული ოცნების“ ბოიკოტირებისკენ. ეს არის ერთადერთი მიზანი, ასე მგონია, იმდენად წარმოუდგენლად შეუსაბამოა ეს კანონი და კონსტიტუცია ერთმანეთთან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, რწმენა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნების წარმომადგენლები მხარს დაუჭერდნენ ოპოზიციის წინადადებას, აბსოლუტურად არ გამართლდა.

„ყველამ ნათლად დაინახა, რომ სხვა ალტერნატიული წინადადება არ მოუტანიათ. მათი აზრი მდგომარეობდა იმაში, როგორმე ისეთი წინადადება დააყენონ, რომ არათუ სახელმწიფო, პატიოსანი იურისტიც უარყოფს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ჩვენს საერთო პარტნიორებთან. შეიძლება, რამე ფორმულა მოიძებნოს. გარდა ამისა, არაფერი უკანონო და ანტიკონსტიტუციური არ ხდება.

თუ ვინმეს, მათ შორის ამ პიროვნებებს, ვინც დღეს დგანან და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რეალურად სწამთ, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვთ, გამოვიდნენ და შეეჯიბრონ თავის ოპონენტს, ჩაატარონ ღია თუნდაც მაჟორიტარული არჩევნები ან პროპორციული არჩევნები, რომელიც ასევე 77 მანდატს მოიცავს, ან თუ ჰგონიათ და დარწმუნებულები არიან, რომ ის კვლევები, რასაც „ენდიაი“ დებს, მართებულია, რამ შეაშინათ? გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მოიგონ. დამისახელეთ რაიონი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება - ეგ ერთი, მეორე – სწორედაც ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ დესტრუქციული პოზიციით მიაყენონ ქვეყანას ზარალი?!“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამდეც გაიმართოს. ბურჯანაძე არ ფიქრობს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური არ არის და რას ამბობს „ქართული ოცნება“ არ აქვს მნიშვნელობა.

„მნიშვნელობა აქვს, როცა ამას ამბობს სუბიექტი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. სუბიექტს, რომლის სიტყვასაც არ აქვს ფასი, რომლის სიტყვის ფასიც არის ნული, რომელსაც შეუძლია დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე – ეს სუბიექტი რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს. დისკუსია დახურული, ბუნებრივია, არ არის, რადგან დიპლომატიური კორპუსიც ამბობდა ამას, ჩვენც ვთქვით და შევთანხმდით, რომ შემდეგი რაუნდი მოლაპარაკების დაინიშნება, როგორ არის დახურული დისკუსია? მესმის, რომ სახის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ სახის შენარჩუნება გონივრულია, თუ სწორ ნაბიჯს გადადგამ და კონფლიქტს მოაგვარებ, ვიდრე მაშინ, როცა ამბობ, რომ კრიზისი არ არის. ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელზე შესაბამისი დასკვნის მოპოვების წინააღმდეგია“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, თუ აკმაყოფილებს ქუჩის აქციების, ოპონენტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში დავით უსუფაშვილის განცხადებით, გაუგებარია რატომ საუბრობს უმრავლესობა ამ მოდელის ანტიკონსტიტუციურობაზე და არა კონსტიტუციის ცვლილებებზე. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ეს შეკითხვა უცხოელ პარტნიორებსაც გაუჩნდათ.

„თუ ეს ყველაფერს აკმაყოფილებს და კრიზისს ხსნის, მაშინ რატომ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კონსტიტუციაში ცვლილებაა შესატანი. ივანიშვილმა რომ თქვა გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზეო, მაშინ ვინმემ თქვა, რომ არა, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი მისი ძალიან უპასუხისმგებლო მოქმედებით, ვინაიდან ის დაპირდა სამართლიან არჩევნებს და მერე უკან წაიღო დაპირება. ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს. მისი თქმით, დოკუმენტი მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საექსპერტო დასკვნისათვის გასაგზავნად მზად არის და დოკუმენტი ODHIR–ში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

„ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ მას გაეგზავნა და ვენეციის კომისიის დასკვნა ყოფილიყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. თუ დასკვნა იქნებოდა დადებითი, რომ მოდელი შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ გაგვეზიარებინა, ხოლო თუ კომისია რაიმე შენიშვნას მოგვცემდა, ის გაგვეთვალისწინებინა.

ყოველ შემთხვევაში, წინასწარ გამოგვეთქვა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანხმობა, რომ ვენეციის კომისიის და „ოდირის“ დასკვნები იქნებოდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი შეთანხმებისთვის, რაზეც სამწუხაროდ ხელისუფლებისგან მივიღეთ უარი და ხისტი პოზიცია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ არ შეესაბამება კონსტუტუციას და არავითარ დასკვნას არ ველოდებითო.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება არ არის სავალდებულო, ვერ დაავალდებულებს კომისია სახელმწიფოს, რომ გაიზიარეო, მაგრამ არის ძალიან ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური და როგორც წესი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნებს. ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს. ის პირიქით, ახდენს ესკალაციას, დაპირისპირებას და ოპოზიცია ვცდილობთ, როგორმე გამოსავალი ვნახოთ“, –განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

 

 

სოციალისტი "შალვა შავგულიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი მისი ძალიან უპასუხისმგებლო მოქმედებით, ვინაიდან ის დაპირდა სამართლიან არჩევნებს და მერე უკან წაიღო დაპირება. ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს. მისი თქმით, დოკუმენტი მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საექსპერტო დასკვნისათვის გასაგზავნად მზად არის და დოკუმენტი ODHIR–ში უახლოეს დღეებში გაიგზავნება".
ბატონო შალვა, თუ ყველაფერი მზად გაქვთ, რატომ გუშინვე არ გააგზავნეთ ODHIR–ში ის რის გაგზავნასაც აპირებთ?! იქნება სადმე კიდევ გააგზავნოთ, მეტი მისამართი არ იცით? გირჩევთ გააგზავნეთ, მაგალითად "სამშობლოს მოღალატეთა საერთაშორისო ლიბერალურ კავშირში"?! იქ ნამდვილად განიხილავენ და დაგეთანხმებიან!
9 თვის უკან