ჯგუფი „The Beatles”-ის თაყვანისმცემლებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ჯონ ლენონის იაპონელმა მეუღლემ იოკო ონომ მუსიკოსებს შორის დიდი შუღლი ჩამოაგდო და ლივერპულელი ოთხეულის დაშლის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
რამდენიმე დღის წინ სერ პოლ მაკარტნიმ აღნიშნა, რომ თავის დროზე ჯგუფში განხეთქილება თანდათან მწიფდებოდა და იოკო ონოს ამ პროცესში არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ „Guardian” იაპონელ ქალბატონთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. იოკო ონომ სერ პოლს დიდი მადლობა გადაუხადა.
„ჯგუფის დაშლას დღემდე მე მაბრალებენ, მაგრამ ამ საქმეში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. მაკარტნი კაცური ადამიანი აღმოჩნდა, რადგან სიმართლე არ დამალა და ჩემი უდანაშაულობა საჯაროდ დაამტკიცა.
პოლ მაკარტნის დიდ მადლობას ვუხდი. პოლ ძალიან მიყვარხარ. დავრწმუნდი რომ ვაჟკაცი პიროვნება ბრძანდები.“
საინტერესოა რომ მომავალ წელს იოკო ონოს დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. „ამომავალი მზის“ ქვეყნის წარმომადგენელი ამ საიუბილეო თარიღის საზეიმოდ აღნიშვნას აპირებს.
იოკო ონოს სურს, რომ 2013 წლის 18 თებერვალს, საკუთარი დაბადების დღეს, ქალაქ ნიუ - იორკში განსაკუთრებული კონცერტი ჩაატაროს. რასაკვირველია ამ ღონისძიებაში სერ პოლ მაკარტნი და რინგო სტარიც მიიღებენ მონაწილეობას.