მაღალი ინფლაცია გაისადაც უმწვავესი პრობლემა იქნება

მაღალი ინფლაცია გაისადაც უმწვავესი პრობლემა იქნება

როგორც ჩანს, ინფლაცია და მაღალი ფასები არა მარტო წელსაა მოსახლეობის მთავარი სატკივარი, არამედ ის გაისადაც არაერთ პრობლემას წარმოშობს. მიზნობრივ 3%-იან ინფლაციამდე დაყვანას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამას შედარებით იოლად აღიქვამენ, მოსახლეობა და ეკონომისტები კი მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი სელიმ ჩექირი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში მყოფი სხვა ცენტრალური ბანკიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ვფიქრობთ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო, ის შეამცირებს ინფლაციას, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამასთანავე, არსებობს საბაზო ეფექტი, რაც გასულ წელს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ვხედავთ, რომ ეს ფაქტორი ინფლაციაზე 2019 წლის დასაწყისიდანვე მოქმედებდა. თუმცა, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, არის ლარის გაუფასურება. ველით, რომ 2019 წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 7% იქნება, 2020 წლის დასაწყისიდან კი ის ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს, მხოლოდ 2020 წლის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს.

წარმოიდგინეთ, რომ სებ-ს არ ემოქმედა და არ გაეზარდა განაკვეთი, მაშინ თქვენ, შესაძლოა, გქონოდათ უფრო დიდი გაუფასურება და უფრო მაღალი ინფლაცია და თავის მხრივ უფრო დამძიმებული ვითარება მთელს ეკონომიკაში. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ექნება ზრდაზე ნეგატიური ეფექტი, მაგრამ უმოქმედობას ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ეკონომიკისთვის“, - ამბობს ჩექირი.

დაახლოებით იგივე პროგნოზს აკეთებენ მთავრობაშიც. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ 2020 წლისთვის დაახლოებით 3,5%-იანი საშუალო ინფლაცია ივარაუდა.

„ინფლაციის მაჩვენებელი რამდენიმეა წარმოდგენილი ბიუჯეტში. ერთი არის ინფლაცია 2020 წლის ბოლოსთვის და ვფიქრობთ, რომ იმ დროისთვის ნამდვილად დაუბრუნდება 3%-იან ნიშნულს, ანუ მის მიზნობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს, ის ცოტა უფრო მეტია და 3,5%-ს შეადგენს. ჩვენ ველოდებით, რომ წლის პირველი კვარტლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელს ეტაპობრივი შემცირება ექნება, შესაბამისად, დაახლოებით 3,5% საშუალო ინფლაცია, მე ვფიქრობ, რომ რეალისტურია“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას მთელი წლის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ეკონომისტები და წლის ბოლო მათი პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. სოსო სიმონიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ეროვნულ ბანკთან ერთად, ფასების ზრდის შეჩერების ბერკეტები გააჩნია, თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებს.

„საერთოდ გაძვირებას თუ გაიაფებას იწვევს ფულის მასისა და საქონლის ღირებულების შეფარდება. თუ საქონელი ბაზარზე ცოტაა ის ყოველთვის ძვირია. სეზონზე, ნებისმიერი დასახელების პროდუქტი, როდესაც ბევრია, მათი ფასი შედარებით დაბალია, ხოლო როცა ნაკლებია - ძვირი. ამას სეზონური გაძვირება ან გაიაფება ჰქვია. თუ მიწოდება მოთხოვნასთან შედარებით იზრდება, მაშინ საქონელი იაფდება, ხოლო თუ მიწოდება მცირდება, მაშინ ძვირდება.

ინფლაციით გამოწვეული გაძვირება უფრო მეტად ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ამის შეჩერების ბერკეტი გააჩნია, მაგრამ არა მგონია, რომ მოთოკვას ცდილობდნენ და თავს იტკივებდნენ. ცენტრალურ ბანკს ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ, ნაბიჯებს არ დგამს.

მთავრობის დაპირებები პოპულისტურია, რომ თითქოს ისინი ფასების ზრდას და ლარის კურსის ვარდნას შეაჩერებენ, სინამდვილეში ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს, რეალური სექტორისკენ ფინანსური ნაკადების გაშვებაა“, - აცხადებს სიმონიშვილი.

tngh 2019 წელს, საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7,1%-ა, რაც საერთაშორისო მასშტაბით საშუალოა, და შორს არის მაღალისგან...
4 წლის უკან