მთავრობა განიხილავს პეტიციას, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებასა და რეკლამების აკრძალვას ეხება. რამდენად მიიღებს მხედველობაში 10 000-ხელმოწერიან მოთხოვნას, არავინ იცის. თავისი 3-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში საკანონმდებლო ორგანომ მცირედი რეგულაციაც კი ვერ დაუწესა აზარტულ ინდუსტრიას.
საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისათვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა - 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი.
„საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის N245 დადგენილების თანახმად, აღნიშნული პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს.
აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პრინციპების თანახმად, მთავრობის მეტი ღიაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ელექტრონული პეტიციების შესახებ და შექმნა პორტალი ichange.gov.ge“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
პეტიციის მიხედვით, მოქალაქეებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
- აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია;
- პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა;
- აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსება ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ;
- პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ;
გარდა ამისა, უკვე შემუშავებულია ახალი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამის მიზანი მსგავსი ტიპის თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის დაცვა და გამორიცხვაა. პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ონლაინ აზარტულ თამაშებში შესაძლოა, ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდეთ.
„არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.
გარდა ამისა, აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. საუბარია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთათვის თამაშის აკრძალვის მიზნით, მათი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის მინიჭებაზე.
„კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან“ - აღნიშნულია პროექტში.
ხოლო პროექტი რომ მომავალ წლის სექტემბერში უნდა ამოქმედდეს მხოლოდ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ძალები ყველანაირ ბერკეტს იყენებენ ამ პროექტის დასაბრკოლებლად, რათა კიდევ უფრო დიდი მაყუთის მოტხევა მოასწრონ უამრავი თამაშდამოკიდებულისა და მათი ოჯახების გაუბედურების ხარჯზე!
P.S.
საიტი რომ სისიტემატურად აქვეყნებს წერილებს ამ თემაზე და თან რომ ყველა გვერდი ჩახერგილია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აზარტული თამაშების რეკლამებით - რა ჰქვია ამას?!
!
აზარტული თამაშების რეკლამა უნდა იყოს გათანაბრებული ნარკოტიკების რეკლამასთან!!!