200 000-იანი სასესხო ზღვარი შესაძლოა, აღარ შემცირდეს

200 000-იანი სასესხო ზღვარი შესაძლოა, აღარ შემცირდეს

200 000-ლარიანი საკრედიტო ზღვარის შემცირების საკითხი ჯერაც გაურკვეველია. მართალია პრემიერ-მინისტრი და „ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა ამ ნაბიჯის სწრაფად გადადგმას მოითხოვს, თუმცა მთავრობაში ერთ აზრზე სულაც არ არიან. ფინანსთა მინისტრი პრემიერის ინიციატივაზე საკმაოდ ყოყმანობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის შეფასებით, დედოლარიზაციის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დელარიზაცია გამოიწვია. ამ პირობებში საჭიროა ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით დაწესებული 200 000-ათას ლარიანი ზღვარის შემცირება, რაც თავის მხრივ, ლარის გაუფასურებაზე წნეხს მოხსნის.

„ზღვარის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას. სამწუხაროდ, იმ რეფორმებმა, რაც მოხდა, დედოლარიზაციის ნაცვლად დელარიზაცია გამოიწვია, რადგან დეპოზიტები კურსის გამო, რაც ლარში იყო, ისიც დოლარში გადავიდა, სესხები ლარში გაიცემა და საკმაოდ დიდი დაწოლაა ლართან მიმართებით.

რაც შეეხება იპოთეკური სესხების ნაწილს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იზომება მშპ-თან მიმართებით. საქართველოში არის 11% მშპ-სთან მიმართებით იპოთეკური სესხები, როცა აღმოსავლეთ ევროპაში, საშუალოდ 18-19%-მდეა და დასავლეთში - 40%-მდე. აქაც არ ჩანს პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ ფასები უძრავ ქონებაზე არ არის გაბერილი. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთები ვალუტაში საკმაოდ დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, ეს დააბალანსებს ამ ლარის კურსს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

სხვათა შორის, საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრი დეპუტატის ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯი შეცდომა იყო. დეპუტატ ნინო წილოსანის შეფასებით, ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა ლარის კურსსა და ეკონომიკაზე მძიმე შედეგი გამოიღო.

„ლარსა და ზოგადად, ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიღო ეროვნული ბანკის კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია თითქმის ყველა ტრიბუნიდან, როგორც - მთავრობასთან, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება. ვფიქრობთ, ძალაიან კარგი იქნება თუ ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობაც ჩაერთვება ამ საკითხში“, - აღნიშნა წილოსანმა.

თუმცა ფინანსთა მინისტრი გადაწვეტილად სულაც არ ფიქრობს. პრემიერ-მინისტრის მიერ წინა კვირას გაკეთებული განცხადება 200 000-ლარიანი ზღვარის განახევრებაზე, მისთვის ბევრ არაფერს მოასწავებს. ფინანსთა მინისტრი იმასაც კი ამბობს, რომ ზღვარი, შესაძლოა, დღევანდელ ნიშნულზე დარჩეს.

„ვაანალიზებთ 200 ათას ლარიან ზღვარს. ლოგიკა და მიზანშეწყონილობა ამისი იყო, რომ ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელიც იპითეკურ სესხს იღებდა, ძალიან დიდია. ისეთი იპოთეკური სესხები, რომელიც ამ 200 ათას ლარიან ზღვარში ხვდება, არის დაახლოებით იმ ბინების მოცულობისა, რომელიც ყველაზე გაყიდვადია. ამიტომ ჩაითვალა, რომ ეს ადამიანები არიან შედარებით ყველაზე მოწყვლადი, ფენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მერყეობა კურსთან დაკავშირებით. ამის დასაცავად გამკაცრდა მიდგომა, თუმცა არის ახლა მეორე საკითხი, არგუმენტი - ბიზნეს აქტივობა მშენებლობის სექტორში. მე მგონი, ბოლო რამდენიმე თვეა ეს დარგი საკმაოდ წამოწეულია, მაგრამ მიდის მსჯელობა მეტი აქტივობა ხომ არ შევიტანოთ ამ სექტორში?

ანალიზი მიმდინარეობს, შევხედვათ, შეიძლება ზღვარი არც ჩამოვწიოთ. ასე არ არის კითხვა, რომ გინდა თუ არა ჩამოვწიოთ. ჩვენ ანალიზი დაგვევალა და არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ზღვარი დავტოვოთ კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ორივე წინადადება მაგიდაზე დევს და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესოა“, - განაცხადა პარლამენტში ივანე მაჭავარიანმა.

თუკი საკრედიტო ზღვარი არ შეიცვლება, მაშინ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ახალი გეგმის მოფიქრება მოუწევთ კურსის არათუ გასამარებლად, ამ ნიშნულზე შესანარჩუნებლადაც კი.