სწავლა, სწავლა და სწავლა!

სწავლა, სწავლა და სწავლა!

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სიურპრიზს გვთავაზობს.

საარჩევნო ბიულეტენები ოთხ ენაზე - ქართულად, რუსულად, სომხურად და აზერბაიჯანულად დაიბეჭდება (სამომავლოდ ამ ნუსხას აფხაზური და ოსურიც დაემატება), რათა არაქართველ ამომრჩეველს, რომელიც აქამდე აზრზე არ ყოფილა, ვის და რატომ აძლევდა (რასაკვირველია, ხმას) გონივრული არჩევნის გაკეთების საშუალება მიეცეს (სიურპრიზამდე ბიულეტენში იმ რიცხვს ხაზავდნენ, რასაც საარჩევნო უბანში შესვლამდე ეტყოდნენ ქართულად წერა - კითხვის მცოდნენიო).

ეს ნოვაცია, განა ცეესკოელების, ევროსაბჭოელების ტვინში მომწიფებულა, რაც ჩვენებურებს საქმედ უქცევიათ (ნაცვლად იმისა, რომ შესაბამის უწყებას არაქართველებისთვის სახელმწიფო ენა ესწავლებინა. მით უფრო, რომ სამ წელიწადში ქართულს კი არა, საყველპურო ჩინურს ისწავლიდა მონდომებული კაცი).

ამას გარდა, წინასაარჩევნო სატელევიზიო გამოსვლებიც ითარგმნება, რათა სახელმწიფო ენის არმცოდნე ამომრჩეველმა არა პარტიის სახელწოდების კეთილხმოვანებას, არამედ კონკრეტულ პროგრამას დაუჭიროს მხარი.

ანუ, მართალია, კონსტიტუციით სახელმწიფო ენა ქართულია, აფხაზეთში კი, აგრეთვე აფხაზურიც, მაგრამ, თუკი ასეთი ტემპით გაგრძელდება ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება (რომელიც, მაგალითად, განვითარებული ქვეყნისთვის ასეთი რჩევის მიცემას სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა), აშკარაა, რომ ჩვენს სამშობლოში სახელმწიფო ენის სტატუსი რამდენიმე ენას უკვე შეუთავსებია.

ხოლო, რაკი შეუთავსებია (ანუ ჩვენს არაქართველ თანამემამულეებს, ერთი მხრივ, არ სურთ, მეორე მხრივ კი, მათ არც არავინ აიძულებს სახელმწიფო ენის ცოდნას), ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ქართველი პოლიტიკოს - ჩინოვნიკებისთვის ზემოჩამოთვლილი ენების ფლობა (ანუ ლენინის მოძღვრების ერთგულება) კატეგორიულად მოგვეთხოვა, რათა ჩვენი ევროსაბჭოური მორჩილება თვალსაჩინოდ თვინიერი გაგვეხადა.