წელს "ოქროს ბურთზე" ნომინირებულია 25 ფეხბურთელი, რომლებიც მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ გარემოში ნახშირორჟანგით დაბინძურების კუთხით. მსოფლიოში თვითმფრინავებით მოგზაურობის გამო, ისინი პასუხისმგებელნი არიან გარემოსთვის საშიში 550 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფაზე. ეს რიცხვი ბრიტანელმა მკვლევარმა ენდრიუ უელფლიმ დაითვალა, რომელიც მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობს. ინფორმაციას Tages-Anzeiger-ი ავრცელებს.
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ ეროვნული გუნდების შეხვედრებში, საერთაშორისო ტურნირებში, მოგზაურობენ ევროპაში ჩემპიონთა ლიგის თამაშებში მონაწილეობისთვის. მაგალითად, ლიონელ მესი წელიწადში თითქმის 46 ათას კილომეტრს დაფრინავს, რაც დედამიწის გარშემო ერთ შემოფრენაზე მეტია. "ბარსელონის" ვარსკვლავის მიერ გარემოს დაბინძურებაზე მოსული წილი დაახლოებით 20.9 ტონა CO2-ია", - წერია სტატიაში.
"ლივერპულის" მოთამაშე ფირმინოც დაახლოებით ამდენივე კილომეტრს დაფრინავს. მისი კოლეგა სენეგალიდან მანე, სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი სონ ჰინ მინი (რომელიც "ტოტენჰემ ჰოტსპურისთვის" თამაშობს), ბრაზილიელი ნეიმარი წელიწადში 80 ათას კილომეტრზე მეტს დაფრინავენ", - აღნიშნავს გამოცემა.
შედარებით ნაკლები რაოდენობის გამონაბოლქვი მოდის მესის კონკურენტ რონალდოზე. მართალია, ისიც ძალიან ბევრს მოგზაურობს "იუვენტუსის" სახელით საერთაშორისო თამაშებში მონაწილეობისთვის, მაგრამ იტალიის ქალაქ ტურინსა და ლისაბონს შორის მანძილი მცირეა, ამიტომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თამაშებში გადაფრენისთვის, რონალდო არც თუ ისე ბევრ კილომეტრს გადის.
მკვლევარის თქმით, მისმა გათვლებმა შესაძლოა FIFA-ს და ცალკეულ კლუბებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისკენ უბიძგოს.