ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გარიგებული საფეხბურთო მატჩების საქმეზე 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
დაკავებულებს ბრალი კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ედებათ. მათ შორისაა „სარაგოსას“ მოქმედი ფეხბურთელი პიჩუ ატიენცა, „ტენერიფეს“ ყოფილი მწვრთნელი არიც ლოპეს გარაი და „დეპორტივოს“ ყოფილი ფეხბურთელი ინიგო ლოპესი.
ამავე საქმეზე მიმდინარე წლის მაისში ესპანელმა სამართალდამცველებმა 5 ყოფილი ფეხბურთელი, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი რაულ ბრავო დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით სპორტულ შედეგებზე გავლენას ახდენდნენ. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი 2017 წელს ჩატარებულ „ვალიადოლიდი“-„რეუსის“ მატჩს ეხება.