ესპანური „სარაგოსას“ ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, 24 წლის ჩვენებურით „ნიუ-იორკ სიტია“ დაინტერესებული და იანვარში ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს.
ამ ეტაპზე შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ გიორგის ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არაგონელებმა ამერიკული ინტერესის შესახებაც იციან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.
„ნიუ-იორკ სიტის“ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ახლო წარსულში ამ გუნდში ისეთი ლეგენდები თამაშობდნენ, როგორებიც ანდრეა პირლო და დავიდ ვილა არიან.
რაც შეეხება პაპუნაშვილს, „სარაგოსაში“ 2017 წელს გადავიდა და 55 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში გიორგი იშვიათად ხვდება არაგონელთა ძირითად შემადგენლობაში და უმეტესად ცვლილებებზე უწევს თამაში. აქვე გეტყვით, რომ MLS-ში ორი ქართველი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი უკვე თამაშობენ.