ესპანეთის ლიგა ენდესას მეათე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ბეტისს“ 94:89 აჯობა და ეს ქართველი ცენტრის უდიდესი დამსახურებით მოხდა.
მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და მასპინძლები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდში სევილიელებმა ჩინებულად ითამაშეს და დასკვნითი მეოთხედის წინ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, „ტენერიფემ“ ბოლო ათწუთეულში 37:23 იმარჯვა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.
შერმადინი ცალსახად საუკეთესო იყო მოედანზე. ქართველი კალათბურთელი 24 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო მარგი ქმედების 35 კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) აღმოჩნდა.
შერმადინმა 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, როგორც უკვე ვთქვით, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო და არაა გამორიცხული ტურის MVP-იც გახდეს.
გიორგიმ ორმაგი დუბლი შეასრულა და მის გარდა, იგივეს გაკეთება მხოლოდ მარსელო უერტასმა შეძლო (12 ქულა, 15 პასი).
„იბეროსტარ ტენერიფეს“ 10 ტურის თავზე 6 მოგების წილ 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს, სტუმრად „ბარსელონასთან“ გამართავს.