ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის ჰაბიბ ნურმაგომედოვის კრივის წესებით ბრძოლა შესაძლოა 2020 წლის იანვარში, საუდის არაბეთში გაიმართოს. ამის შესახებ Instagram-ზე ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი წერს.
აბდელაზიზი მეივეზერის რინგზე დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 42 წლის ამერიკელი თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეა, თუმცა ჰაბიბი მას „კვირის ნებისმიერ დღეს დაამარცხებს“.
31 წლის ნურმაგომედოვის ანგარიშზე MMA-ში მის ანგარიშზე 28 გამარჯვება (18 ნოკაუტი) და არც ერთი მარცხია. 2018 წელს მან „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ (UFC) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ის ორჯერ - გასული წლის ოქტომბერში ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან, მიმდინარე წლის სექტემბერში კი ამერიკელ დასტინ პორიესთან ბრძოლებში დაიცვა.
ფლოიდ მეივეზერი პროფესიული კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. კარიერის მანძილზე მას 50 ბრძოლაში 50 გამარჯვება აქვს. ბოლო ბრძოლა მეივეზერმა 2017 წელს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ კონორ მაკგრეგორთან გამართა.