ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციისა და საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ გულშემატკვირებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ლიბერტადორესის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ქალაქში ავტობუსით ჩაიარეს და გულშემატკივრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამარჯვება აღნიშნეს, თუმცა ღონისძიება ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა.
გულშემატკივრებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რაზეც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, გულშემატკივრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.