გიგი უგულავა - „ახალი ერა“ იწყება

გიგი უგულავა - „ახალი ერა“ იწყება

მართალია, ბევრი რამ ხდება ამ ჩვენს სამშობლოში როგორც უპრეცედენტო, ისე პირველად საქართველოს ისტორიაში, მაგრამ თბილისის მერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არათუ ხელისუფლებას, საკუთარ თავსაც კი აჯობა.

აჯობა და შედეგად 31 ივლისი „მეეზოვის დღედაც“ გამოცხადდა, ცხადია, იმის პარალელურად, რომ თბილისის ქუჩების დასუფთავება დაიწყო, რაც ჯერჯერობით დედაქალაქს ჯეროვნად ვერ დაეტყო, რამეთუ ფრიად ნაგვიანი გახლდათ.

უფრო მეტიც, რაკი ბატონი უგულავა სატელევიზიო სახე გახდა (სარეკლამო რგოლები მაქვს მხედველობაში), მენაგვეებისა და ნაგავმზიდების თემაზე შექმნილმა რგოლებმაც არ დააყოვნა და დღეში რამდენჯერმე ტელეეკრანიდან 52 ერთეული მძიმე ტექნიკით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაგავმზიდვებით) შეიარაღებული „ნარინჯისფერები“ (უკრაინელ „ნარინჯისფერებში“ არ აგერიოთ, ეს ჩვენებური მენაგვეების ახალი ფორმის ფერია) მოგვიწოდებენ: თანამებრძოლებო! დილიდან ახალი ერა იწყებაო.

ოღონდ „ახალ ერაში“ დილიდან არა საქართველოს გამთლიანობის, გნებავთ დილიდან ნატოში შესვლის ან რუსულ ბაზარზე, შუადღისთვის მაინც, ქართული ღვინის დაბრუნების ერა, არამედ საკმაოდ პროზაული და ყველასთვის ნაცნობი საქმე: დალაგება იწყება, რაც ქალაქის მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა და, ჩემი მოკრძალებული აზრით (რასაც იმედია, ანტიმეეზოვურ გამოხდომაში არ ჩამითვლიან), „რასკრუტკა“ არ სჭირდება.

თუმცა, რაკი „თვალი ჭამს და თვალი სვამს“, ყველა იმ ფრონტზე იბრძვის, სადაც შეუძლია. მეორე მხრივ კი, თუ ჩრდილოკავკასიელები მართლაც გადაწყვეტენ დუბლის შესრულებას, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ჩვენი 3 000 - კაციანი, თანაც 52 ერთეული მძიმე ტექნიკით შეიარაღებული არმია, მათ კუდით ქვას ასროლინებს!

ანუ „თანამებრძოლებო! ახალი ერა იწყება!“