რითი არიან შეიარაღებულნი ქართველი პოლიტიკოსები

რითი არიან შეიარაღებულნი ქართველი პოლიტიკოსები

(იბეჭდება შემოკლებით)

დეპუტატებს იარაღის ტარების უფლება აქვთ, თუმცა ზოგი სარგებლობს ამ უფლებით, ზოგს კი უბრალოდ გაუფორმებია იარაღი და სახლში უდევს. სჭირდებათ თუ არა პოლიტიკოსებს თავდაცვისთვის იარაღი? რომელია პოლიტიკური ლიდერებიდან ისეთი, ვინც ტყვიას ტყვიაში აჯენს?

„ახლების“ პრესსამსახურმა „ალიას“ განუცხადა, რომ იარაღი არც გამყრელიძესა აქვს და არც - გაჩეჩილაძეს. შალვა ნათელაშვილი კი ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ იარაღი საერთოდ არ უყვარს...

პოლიტიკური ლიდერებიდან ნინო ბურჯანაძეა ერთ - ერთი, ვისაც სროლა მშვენივრად ეხერხება და იარაღიც აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იარაღი მას მამამ აჩუქა:

- მე მაქვს ბარაბნიანი იარაღი, რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული. ეს იარაღი თავის დროზე მამამ მაჩუქა.

პოლიტიკოსებიდან თუ ვინმე დაიკვეხნის კარგად სროლას, ერთ - ერთი თქვენც ხართ, ხომ ასეა?

- ვისროდი არცთუ ცუდად... დიდი ხანია, არ მისვრია და იმედია, არ დამჭირდება. ყოველ შემთხვევაში, თავს თუ დამესხნენ, დაცვა მყავს და ის დამიცავს...

კარგ მსროლელთა შორის აფხაზეთგამოვლილ გია ბარამიძესაც მიიჩნევენ:

- „მაკაროვი“ ოფიციალურად მაქვს, 1992 წლიდან, ეს არის ტაბელური იარაღი. „ჩეზე“ კი არის ნაჩუქარი, უშიშროების მინისტრის მიერ.

ვის მიერ?

- შოთა კვირაიას. ეს იარაღი მაჩუქეს ქვეყნის უშიშროების დარგში შეტანილი დამსახურებისთვის. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც იარაღი მიხმარია. აფხაზეთში, მაგალითად.

დღეს იარაღი უფრო თავდაცვისთვის გჭირდებათ თუ მისი ტარება თქვენთვის ჰობია?

- თავდაცვისთვის, რა თქმა უნდა.

თავს თუ დაგესხნენ, გამოიყენებთ?

- ამის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ.

სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება, თუმცა თავად ნადირობა უყვარს:

- მაქვს სანადირო თოფი, რომელიც შევიძინე და მეგობრებმაც მაჩუქეს „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი.

იარაღი რისთვის გჭირდებათ?

- ალბათ უფრო თავდაცვის მიზნით... იმიტომ, რომ რამდენჯერმე განხორციელდა ჩემს ოჯახზე და ჩემზე თავდასხმა და აქედან გამომდინარე, იარაღის ტარება უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ისე, რა თქმა უნდა, როდესაც იარაღი თანამედროვე და კარგია, ისიამოვნებ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით.

გამოგიყენებიათ იარაღი?

- ასეთი შემთხვევა, პრინციპში, არ მქონია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ადამიანის წინააღმდეგ გამოვიყენო. იარაღი ისე, ტირში მისვრია, ტყეშიც.

აბა, თავს როგორ დაიცავთ? „ბრონის“ ჟილეტის ყიდვა არ გიფიქრიათ?

- არა.

რატომ?

- არ დამინახავს „ბრონის“ ჟილეტი იარაღის მაღაზიებში. ისე, სულაც არ ვხუმრობ, არ არის გამორიცხული მომავალ არჩევნებზე სიტუაცია დაიძაბოს და პოლიტიკოსებზე თავდასხმები გამძაფრდეს.

სხვებისგან განსხვავებით, ბორის კაკუბავას უჭირს იმის გამხელა, თუ ვინ აჩუქა იარაღი:

- მე ბლომად იარაღი მაქვს იმიტომ, რომ მაქვს დევნილის სტატუსი, სანამ ეს სტატუსი არ მომეხსნება, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს იარაღი.

უფრო ხშირად რომელი იარაღით გიყვართ სიარული?

- ვატარებ „ტეტეს“, ჩემი საყვარელი იარაღი ეს არის.

საერთოდ, რა ტიპის იარაღი გაქვთ?

- მაქვს ასე თხუთმეტამდე ტიპის იარაღი... ეს ჩემთვის თავდაცვის საშუალებაა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მე მგონი, ავტომატური იარაღის ტარების უფლებაც უნდა გვქონდეს.

ბატონო ბორის, „ბრონის“ ჟილეტის შეძენაზე თუ გიფიქრიათ?

- არა, არც მაქვს და არც მომიკითხავს მაღაზიებში.