ჯგუფი „ვაკის პარკი“

ჯგუფი „ვაკის პარკი“

ხელმძღვანელი - ზაზა ხუციშვილი. იგი ამავდროულად ჯგუფის სოლისტი, ტექსტებისა და მუსიკის ავტორია.

ჯგუფის დაარსება (1996 წელი) და მისთვის „ვაკის პარკის“ დარქმევა ჯგუფების „რვაფეხა“ და „ჯუქ - ბოქსის“ (რომლებშიც მანამდე მოღვაწეობდა) დაშლამ და ზაზას ვაკელობამ განაპირობა.

„ვაკის პარკში“ ახლა ოთხი წევრია: ზაზა ხუციშვილი, ირაკლი სანაია (გიტარა - ვოკალი), ირაკლი ზიბზიბაძე (ბას - გიტარა), მინდია გაბაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

ჯგუფს უკვე ორი ალბომი აქვს გამოშვებული და ახლა მესამეზე მუშაობს, რომელსაც, ალბათ, „მეგობრებთან ერთად“ ერქმევა. მასში ათი ძველი ქართული სიმღერა შევა ახალი ინტერპრეტაციით, რომლებსაც „ვაკის პარკი“ ქართული ესტრადის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან ერთად ასრულებს.

სიმღერების „გაზაფხული შემოსულა ლენ“ და „ფოსტალიონის სიმღერის“ გარდა ალბომში დავით თორაძის რომანსი (ნანი ბრეგვაძე), ჯანო კახიძის „მუხამბაზი“ („ცისფერი ტრიო“), ავთო შარაძის „წითელფეხება მტრედებო“ (ავტორთან და რობერტ ბარძიმაშვილთან ერთად) და სხვა ცნობილი სიმღერები შევა.

თუ რატომ გადაწყვიტეს ამ სიმღერების ჩვენთვის „შეხსენება“, „ვაკის პარკის“ ხელმძღვანელი ასე  ხსნის:

„არავითარ შემთხვევაში არ შევეჭიდებით ამ სიმღერების ორიგინალურ ვერსიებს. მომენტი, რომ მე უფრო მაგარი გამომივა მოხსნილია. ამას ისე ვუყურებ, თითქოს ავტორმა ახალი სიმღერა მოგვიტანა. პირვანდელი სახით მათ შესრულებას აზრი არ აქვს, ის შესრულებულია და ძალიან კარგადაც.“

„ფოსტალიონის სიმღერის“ ახალ ვარიანტს, რომელიც „ვაკის პარკმა“ „ჯადოსნურ ღამეში“ ნინო სურგულაძესთან ერთად შეასრულა, ყველა კუთხეში მოისმენთ. მას ის პოპულარობა დაუბრუნდა, რომელიც „დღე პირველი, დღე უკანასკნელში“ ირაკლი უჩანეიშვილის შესრულებას ჰქონდა.