როდის დასრულდება დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის დაპირისპირება?

როდის დასრულდება დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის დაპირისპირება?

სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის დიდი ხნის წინ გაჩენილ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. ამჟამად ვითარებას კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მდგომარეობა წლების წინ გართულდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ვარაუდობს, რომ სიტუაციის დამარაგულირებელი კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება მზად. საუბარია, კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრებაზე, ასევე ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობაზე, რომ ქართული პროდუქცია ქსელური მარკეტების დახლებზე მოხვდეს.

როგორც ჭყონია აცხადებს, ქსელურ მარკეტებთან პრობლემას წარმოადგენს კომპანიებისთვის დავალიანებების გასტუმრებაც და ამასთან, ხშირ შემთხვევაში, გაურკევეველი ბონუსების ჩამოჭრა ხდება. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს რეგულაციები, რომელიც ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და დაარეგულირებს.

„რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რაც ძალიან გვაწუხებს. თუ ჯამში, 10-დან 15-მდე ქსელური მარკეტი და ჰიპერმარკეტია, მეორე მხარეს ასობით სადისტრიბუციო კომპანიაა, შესაბამისად, საკმაოდ მაღალია კონკურენცია. არის შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები მიუღებელ პირობებს სთავაზობენ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა ისინი იძულებული ხდებიან, რომ დაემორჩილონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი საერთაშორისო ჰიპერმარკეტი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია შედარების აქტის გაფორმება. როდესაც დიდი ქსელებს პროდუქციას ვაწვდით, ჩვენს მიმართაც ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებენ. მაგალითად, თანხას ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ რიცხავენ ან გაურკვეველ ბონუსებს აჭრიან, საკითხის გარკვევას კი თვეები სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დარეგულირებას“, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, საკითხის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს პარლამენტმა უკვე მიმართა და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, იხილება კონკრეტული მოდელები, რომელიც ევროპის არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და შეირჩევა ის კონკრეტული ვერსია, რომელიც ქართულ რეალობას ერგება.

სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და თანდათან უფრო მწვავდება. რამდენიმე თვის წინ იმპორტიორები გაკოტრების საფრთხეზეც კი საუბრობდნენ იმდენად კაბალური პირობებით უწევთ მსხვილ მარკეტებთან ურთიერთობა. ჯერჯერობით ვითარება ასეთია: კონკურენციის სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციიდან, ისე რითეილ სექტორიდან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს დაწყებული აქვს შესაბამის აქტზე მუშაობა, რომელიც სავაჭრო ობიექტებისა და მიმწოდებლების ბიზნეს ურთიერთობებს დაარეგულირებს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე აცხადებდა, რომ რითეილის ბაზარზე განსხვავებული თამაშის წესები მოქმედებს. დისტრიბუტორებს სავაჭრო ობიექტების შესვლის სანაცვლოდ გადასახადის გადახდა უწევთ, რაც შემდგომ ბერკეტია, მათ ხელში მიმწოდებლები კაბალურ პირობებზე დაითანხმონ. პრობლემაა გადახდის ვადებიც.

გარდა ამისა, ქსელები დისტრიბუტორებს პირობას უყენებენ, სხვა ქსელებში მათზე დაბალ ფასად პროდუქცია არ შეიტანონ. გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც.