საბანკო რეგულაციების შერბილების საკითხი უკვე პარლამენტში განიხილება, მაგრამ იქაც უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეს თვით პარლამენტის თავმჯდომარე უჭერს მხარს, არც მთავრობა და მით უფრო არც ეროვნული ბანკი ამ მოსაზრების არ იზიარებს.
პარლამენტის თავდმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ სავალუტო სესხების ლიმიტს პარლამენტის სხდომაზე შეეხო. მისი აზრით, უკვე დრო არის უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 000-ლარიანი ზღვარი ისევ 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს.
„უმრავლესობას მიაჩნია, რომ დღემდე პრობლემად რჩება რეგულაცია, რომელიც 200 ათას ლარამდე უცხო ვალუტაში სესხის აღებას კრძალავს. ჩვენ კი ვთვლით, რომ უკვე დროა და შესაძლებელია, რომ 200 ათას ლარიანი ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე. ამის თქმის საფუძველს ის ანალიზი გვაძლევს, რომელიც დავამუშავეთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ლიმიტის შემცირება ლარის გაცვლით კურსზე უარყოფით ზეწოლას შეამცირებს.
პირველ იანვარს ამოქმედებულ ახალ რეგულაციებამდე ლიმიტი სწორედ, 100 ათასი ლარით განისაზღვრებოდა. 200 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აკრძალვა კი იმ რეგულაციების პაკეტის ნაწილი იყო, რომელიც ეროვნული ბანკის და მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა.
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი კი ეჭვობს, რომ ცვლილება მოხდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ საბანკო რეგულაციების „მხურვალე და სრული მხარდამჭერი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ იქვე განმარტა თუ რატომ არ არის დღეს რეგულაციების შერბილების მომხრე.
„მოდი, განვიხილოთ სად ვართ და რა სიტუაცია გვაქვს დღეს. ე.წ. საბანკო რეგულაციები თავისი ბუნებით იყო დეფლაციური მოვლენა, ანუ წვდომას ფინანსებთან უზუდავდა ადამიანებს. შესაბამისად, იდეაში ლარის გამყარებისკენ მიმართული რეგულაცია იყო და არაინფლაციური. ამის ფასი შეიძლება ყოფილიყო ეკონომიკური ზრდის შემცირება.
დღეს ჩვენ რა გამოწვევაც გვაქვს, ამ რეგულაციებთან კავშირში არაა, პირიქით, ამ რეგულაციებმა ინფლაციის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა თავის დროზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდა ლარის დიდი გაუფასურება, რაც ინფლაციაში გადაიზარდა. შესაბამისად, ამ რეგულაციების ნეგატიური წვლილი იმ მდგომარეობაზე, რაც ახლა გვაქვს, არ არის.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეგვიჩერა რეგულაციებმა ეკონომიკური ზრდა, აქაც ციფრები შთამბეჭდავია, ანუ ზრდა არ შენელებულა. ამდენად, მე პირადად, ამ კონტექსტში - მაღალინფლაციურ გარემოში ზუსტად რომ ამ საბანკო რეგულაციებს არ გადავხედავდი, სამომავლოდ ვნახოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ამ მითქმა-მოთქმას ორიოდე დღის წინ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა გასცა პასუხი. კობა გვენეტაძე ლარში გასაცემ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის გადახედვის საკითხს არ განიხილავს.
უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ 200 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღების შესაძლებლობის საკითხი ბიზნესასოციაციამ დააყენა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამასთან დაკავშირებით განხილვა არ შემდგარა.
„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, განხილვა არ შემდგარა. 200 000-ლარიანი ზღვარი, რომელიც დღეს არსებობს, ჩვეულებრივ მოქმედებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.