რაკი დაისი უკვე მოახლოვდა (2004 წლის მოწვევის პარლამენტისა), ისიც კი ვერ შევიტყვეთ ხეირიანად, რა შედეგი მოჰყვა ქალბატონი ბურჯანაძის ამერიკულ ვიზიტს (ქართულ ელექტრონულ მედიას ამ თემის შესახებ კრინტი წამლადაც არ დასცდენია).
თუმცა, რაკი თითქმის მარტო დარჩა (ვიდრე ბატონი ბაქრაძე პოლიტიკურად ხურდება, სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ, თუ მისი წინასაარჩევნო რგოლებით ვიმსჯელებთ), პრეზიდენტმა, მართლაც, ხელები დაიკაპიწა და წინასაარჩევნოდ ლამის მთელი საქართველო მოიარა.
ახალი საწარმოებიც გახსნა, ადრე გახსნილებიც მოინახულა, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას აფხაზეთშიც დაგვპირდა და არც განმარტებები დაგვამადლა.
კერძოდ, მიღწეული წარმატებების თვალსაჩინოებისთვის დასვა კითხვა: რა განსხვავებაა უწინდელ და ახლანდელ საქართველოს შორის? და თავადვე უპასუხა: ის, რომ დღევანდელ საქართველოში ბიზნესის დაგეგმვა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს (თუ, რა თქმა უნდა, საწყობს უცბად ცეცხლი არ წაეკიდა).
ესე იგი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბიზნესმენი გონებაჩლუნგი?
იმიტომ რომ მას არ ჰქონდა იაფი კრედიტი, ანუ დემოკრატიული სათამაშო.