ივანიშვილთან „ამბოხებული“ მაჟორიტარების აუდიენცია უშედეგოდ დასრულდა – „ამბოხებულები“კენჭისყრის ჩასაგდებად ემზადებიან

ივანიშვილთან „ამბოხებული“ მაჟორიტარების აუდიენცია უშედეგოდ დასრულდა – „ამბოხებულები“კენჭისყრის ჩასაგდებად ემზადებიან

ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილია – ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პარტიის ლიდერმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ბიძინა იავნიშვილმა „ამბოხებული“ მაჟორიტარები, განსაკუთრებით დიმიტრი ხუნდაძე დატუქსა და ურჩია მხარი დაუჭიროს ცვლილებებს. ვინ გაითვალისწინებს ივანიშვილის რეკომენდაციას, ეს დღეს გამოჩნდება.

დღეს, საქართველოს პარლამენტი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პირველი მოსმენით უყრის კენჭს. კენჭისყრის გადადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაცია – გია ვოლსკისთან, მამუკა მდინარაძესთან, ირმა ინაშვილთან, სერგი კაპანაძესთან და რომან გოცირიძესთან.

კონსულტაციის შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მიმართა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებთან შეთანხმდნენ კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, გონივრული გადაწყვეტილებაა კენჭისყრის გადადება.

„უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია,“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150–ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძეს განცხადებით, 30–მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ საარჩევნო ცვლილებზე კანონპროექტი ჩავარდეს, რისი რისკი უკვე დაინახეს. სწორედ ამ მოტივით ხსნის კობახიძე კენჭისყრის გადადების მიზეზს. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი სხდომის გამართვის შემთხვევაში, უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში დაარწმუნებენ.

„დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობის ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებად ხსნის ფრქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, დეპუტატების ასეთ დიდ რაოდენობას კანონპროექტთან დაკავშირებით პრეტენზია აქამდე ასე ღიად არ გამოუცხადებია.

„ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცოდით, თუმცა დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა. მე არ ვიტყოდი ასე დარწმუნებით, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 30–ია, თუ 27, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოხტომების ფონზე, ეს რაოდენობა გაიზარდა. ეს ფაქტია, ეს ჩემი გამოგონილი არ არის. მე როცა მათ ვთხოვ ტრიბუნიდან, რომ მოდით, დავანებოთ პროვოკაციებს და დემაგოგიებს თავი, ეს არის რეალური მოწოდება. ოპოზიციის განცხადებები, რომ მაჟორიტარებს თავისი ინტერესები აქვთ და ა.შ. ეს აღიზიანებთ ამ ადამიანებს. რკინის ხომ არ არიან ეს ადამიანები?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ამბოხებული“ მცხეთის მაჟორიტარისთვის მისაღებია, რომ პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა დამატებითი კონსულტაციების შემდეგ გაიმართება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მისი პოზიცია ცნობილი, მყარი და შეუცვლელია. დეპუტატი ამბობს, რომ ეცდება, საკუთარი თანამოაზრეების რაოდენობა გაზარდოს. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, დეპუტატი ამბობს, რომ დაპირისპირება იყო, მაგრამ არა ფიზიკური. მისი თქმით, იყო ცხელი საუბრები, უფრო მეტად გუნდის წევრებისგან, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო უკმაყოფილება იმაზე, რომ ამის მოთავე არის.

„თანამოაზრეების ძალიან დიდი გუნდია. უკვე არა ის, რაც იყო გუშინ დილას, საღამოს ან თუნდაც დღეს დილას, ახლა უკვე მეტნი ვართ. შევხედავთ, ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, რომ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება სწორად დავგეგმოთ. ასევე ის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს შენარჩუნებული და მთავარი, რომ შედეგი იყოს ორიენტირებული მხოლოდ პოზიტივზე და პერსპექტივაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ბოლოს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

„მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ, - ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კიდევ ერთი „ამბოხებული“ მაჟორიტარი, ვისაც ივანიშვილი პირისპირ შეხვდა, ირაკლი შიოლაშვილია. დეპუტატი ამბობს, რომ საუბარი იყო მძიმე და გააწბილა კიდეც პარტიის თავმჯდომარე. შიოლაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარე მასზე ნაწყენიც იქნება. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შეხვედრა მასთან პირისპირ მიმდინარეობდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე სხვა დეპუტატებსაც ხვდება.

„ისინი დამოუკიდებლები არიან და არ ვფიქრობ, რომ ზეწოლით, დაშინებით მყარ პოზიციას ვინმე შეცვლის. საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდის სურვილი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას, რომლის განმარტებით, ქვეყანაში სრულიად უპასუხისმგებლო ოპოზიციაა და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.

„მხარს არ ვუჭერ კონსტიტუციურ ცვლილებებს. უმრავლესობის სხდომა იქნება და სხვადასხვა საკითხზე ჩამოვყალიბდებით, მათ შორის იმაზე, ჩავატაროთ თუ არა თავისუფალი კენჭისყრა. მცირე რაოდენობა არ არის, ვინც მხარს არ უჭერს აღნიშნულ პროექტს. ვინმეს გუნდიდან გასვლის საკითხი არ დადგება. ვისურვებდი, პროექტი ჩავარდეს. მე შემიძლია ჩემი თითი თვითონ ვაკონტროლო“, – აცხადებს დაჩი ბერაია.

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ცვლილებას მხარს უჭერს და ერთ–ერთია „ამბოხებულებს“ შორის, აცხადებს, რომ მისი კოლეგები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დატუქსა. ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრა გადაიდო, რათა კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ.

„კენჭისყრის მოწინააღმდეგეთა უკან ბიძინა ივანიშვილი რომ იდგეს, როგორც ამას ოპონენტები ამბობენ, აქამდე 120 კაცი არ მისცემდა ხმას? პირიქით, მან დატუქსა დილით რამდენიმე, რაც ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, დღეს იმიტომ გადაიდო ეს კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, თუკი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩავარდება, ეს ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი იქნება. გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გასვლის საკითხი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ტყუილი. მაგრამ ეს ისეთი მასშტაბის ტყუილია, რომელსაც არ აქვს ფულადი განზომილება. წარმოუდგენელია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით 93–მა ადამიანმა მოაწერა ხელი და ორ თვეში ღირსების გრძნობა გაეღვიძათ და თავისი ხელმოწერა უკან გამოითხოვა ივანიშვილის მითითების გარეშე. არ ხდება ასე, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი მოხდება ისე“, – ამბობს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არის აჯანყება, სპექტაკლი თუ შეთქმულება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ პასუხისმგებლობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვთ.

„ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე. ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იქნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამას ვიტყვი დღეს მხოლოდ და ხვალინდელ კენჭისყრას დაველოდები.

ვინაიდან ამ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც საკუთარი თავით ვაჭრობენ, ჩვენ ქვეყნის, სტაბილურობისა და ჩვენი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, არ მინდა, მივცე თუნდაც უმცირესი საბაბი იმისთვის, რომ ისარი ოპოზიციისკენ გადმოიტანონ. პასუხისმგებლობა მთლიანად მათ მხარესაა. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

არაგველი641 1. თუ არჩევნები იქნება მთლიანად მაჟორიტარული, მაშინ ბოკერიები და მისნაირები ვერც ერთი ვერც ერთ ოლქში ვერ მოიგებს არჩევნებს.
2. თუკი იქნება პროპორციული, მაშინ ბოკერიები შეძლებენ რაღაცა რაოდენობის დეპუტატების გაყვანას და შემდეგი საარჩევნო პერიოდში ისევ გვექნება აურზაურისა და ქვეყნის დაქცევის ხანა.
3. შერეული სისტემა ალბათ უფრო პრაქტიკული იქნება ქვეყნისათვის.
4 წლის უკან
tngh საქართველოს რეგიონების მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მაჟორიტერული სისტემის შენარცუნების მომხრეა. ეს საკითხი მართლაც, რომ სამარცხვინო "სირცხვილიას" გადასაწყვეტი არ არის. საკითხი პლებისციტიტ უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ქვეყნის 22% დე-ფაქტოდ გასულია იურისდიქციიდან. იმედია დროებით!!!
4 წლის უკან
tngh საქართველოს რეგიონების მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მაჟორიტერული სისტემის შენარცუნების მომხრეა. ეს საკითხი მართლაც, რომ სამარცხვინო "სირცხვილიას" გადასაწყვეტი არ არის. საკითხი პლებისციტიტ უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ქვეყნის 22% დე-ფაქტოდ გასულია იურისდიქციიდან. იმედია დროებით!!!
4 წლის უკან
trampi ეს პროპორციული კარგია თუ ცუდი, რაღამც თქვეს მაინც უნდა შეასრულონ დანაპირები.......
4 წლის უკან