გაზრდილი ჯარიმები, რომელიც სულ მალე მძღოლებს წნეხში მოაქცევს

გაზრდილი ჯარიმები, რომელიც სულ მალე მძღოლებს წნეხში მოაქცევს

საგზაო მოძრაობის წესებზე ჯარიმები ძალიან მკაცრდება, განსაკუთრებით სიმთვრალესა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. ცვლილებები შედის ბევრ პუნქტში და ყველგან სანქციების გაზრდაა გათვალისწინებული. ყველა დაგეგმილი ცვლილება მძღოლებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

სიმთვრალისას მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა სისხლში ეთანოლის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლის სისხლში ეთანოლის ოდენობა 0,3-დან 0,7 პრომილემდე დადგინდა, სანქცია 500 ლარი და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა იქნება, ხოლო თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს გადასცდა, მძღოლი 1.000 ლარით დაჯარიმდება. შემოწმებისთვის თავის არიდებაც 1.000-ლარიანი ჯარიმითა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით დაისჯება.

კიდევ უფრო მკაცრი იქნება კანონი სატრანსპორტო საშუალების მეორედ ან მესამედ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რისთვისაც უკვე შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, სახდელის მოხდამდე სიმთვრალეში ავტომანქანის მართვის განმეორება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევის გაზრდას კიდევ 1 წლით და 3-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო, თუ სახდელის მოხდამდე მძღოლი საჭეს მთვრალი მესამედ მიუჯდება, მას მართვის უფლება კიდევ ორი წლით ჩამოერთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 7-დან 15 დღემდე მოელის.

იზრდება ჯარიმა ნასვამ და მართვის უფლების არმქონე პირისმიერ ავტომანქანის განმეორებითი მართვისთვის და მისი ოდენობა 2500 ლარით განისაზღვრება. კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი პირის მიერ მეორედ ან მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვას ავარია მოჰყვება, მძღოლი 3500 ლარით დაჯარიმდება, მართვის უფლების ჩამორთმევა კი გაეზრდება 3 წლის ვადით და 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. სანქციები მკაცრდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლება დადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალი კანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება კი - 250 ლარით, 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალი პროექტით კი ეს სანქციაც შემოვა. მაგალითად, 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს, 150 ლარით დაჯარიმების გარდა, მართვის მოწმობაზე 10 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის - 20 ქულა, 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად. კანონპროექტში გათვალისწინებულია ავტომობილის მესაკუთრის უფლებაც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევა ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირდა, უფლებამოსილ პირს შეუძლია წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ის უშუალოდ სამართალდამრღვევს დაეკისროს.

მკაცრდება ავტომობილის დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმა დადგინდა.

ორმაგდება ჯარიმა ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 40 ლარი იქნება. თუ ქვეითის ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარება ან მოძრაობის შეფერხება, დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო (ავარია) შემთხვევის ადგილის მიტოვება. დამრღვევს დაეკისრება 1.000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება. თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობისთვის, გასწრების წესების დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გაზრდას, ახალი კანონმდებლობით, შესაბამის დარღვევად განისაზღვრა ამ სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა და პირი დაჯარიმდება 100 ლარით. მანქანის მართვისას მობილური კომუნიკაციით სარგებლობისთვის დღეს მოქმედი 30-ლარიანი ჯარიმა 60 ლარი გახდება.

„ბიზნეპრესნიუსის“ ცნობით, სპორტული მანევრი სამართალდარღვევის ახალი სახეობაა, რომელიც პროექტით შემოდის. მაგალითად, თუ მძღოლმა წინასწარი შეცნობით განახორციელა მკვეთრი მანევრი, რასაც სატრანსპორტო საშუალების მოცურება მოჰყვა, ის 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მკვეთრ მანევრს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, მძღოლს 750-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ზუსტდება და მკაცრდება სახდელები მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი შეჩერებული მართვის უფლებით მიუჯდება საჭეს, 500 ლარით დაჯარიმდება, ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე - 700 ლარით, ხოლო მართვის უფლების არმქონე - 1.200 ლარით. კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს მოპედების საკითხის საკომიტეტო განხილვა. ამ ეტაპისთვის შენიშვნები გადაგზავნილია შს სამინისტროში და კანონპროექტი რედაქტირებას გადის.

გარდა ამისა, შს სამინისტროს გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია.

„თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ჯავახაძემ.

სპეციალისტთა ნაწილი გამკაცრებას მიესალმება. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი იქვე აცხადებს, რომ მეტად მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში.

„ეს არაერთი მძღოლის ქცევას შეცვლის და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დაიცავს. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე სკოლებსა და ბაღებში. ასეთი ინიციატივა მაქვს - შს სამინისტრომ ჯარიმებიდან ამოღებული თანხის ნაწილი, როგორც ინვესტიცია, საგანმანათლებლო კამპანიაში მიმართოს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ლალიაშვილმა.