„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. 200 000 ამომრჩეველის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს მხოლოდ 32–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დასამტკიცებლად სულ 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3–პროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობს.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ისინი საარჩევნო ბლოკების დაშვებასა და სამპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნებას არ ემხრობიან.

კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა მოითხოვა. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ ეთანხმებოდა, თუმცა გუნდთან შეთანხმებით კომპრომისზე წავიდა. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები მას კითხვებს უჩენს, რამდენად სწორია მის მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ვინ იქნება დეპუტატი და ვინ – არა. აქ დგას საკითხი თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ, მაჟორიტარებს გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით და ამის გამო მხარს ვუჭერდი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს გადაწყვეტილება მიგვეღო დღესვე.

მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას. მხოლოდ ფრაქციების ფორმატში შეხვედრა არ იქნება საკმარისი. მე ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას სრული მასშტაბით“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

მცხეთის მაჟორიტარის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა.

ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ იქნება ამომწურავი პასუხი, რომელიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ , – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძის მოთხოვნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, განხილვა დღეს შედგება და უმრავლესობა კანონპროექტის განხილვისთვის განსაზღვრულ დროს სრულად გამოიყენებს.

„ბატონო დიმიტრი, განხილვის გადადების მოთხოვნაზე ჩემი პასუხი არის „არა“. განხილვა დღეს შედგება და გამოვიყენებთ სრულ დროს. შესაბამისად, შესვენების შემდეგ ყველა დაბრუნდება დარბაზში და გაგრძელდება ამ ინიციატივის განხილვა. თუ თქვენ გაქვთ კითხვები და დამატებითი დისკუსია გსურთ, მეორე განხილვის ფარგლებში კიდევ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა,“ – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ხუნდაძეს.

მაშ ასე, 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ბლოკების და ბარიერის გაუქმების საკითხზე ვერ თანხმდებიან. „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციას წინასწარ ბლოკების შექმნის საშუალება არ მიეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

„ბლოკი მარტო ბარიერის გადასალახად არ იქმნება, იქმნება, თუ გნებავთ სინერგიისთვის და გნებავთ ხელისუფლების დამარცხებისთვის. ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე არ ფიქრობს, ჩათვალეთ, რომ სატელიტია“, –განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, უმრავლესობა დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ შიშის გავლენით იღებს გადაწყვეტილებებს.

„როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“? თქვენ რა დაგვითმეთ, ეს იმ თვალებდათხრილმა ბავშვებმა მოიპოვეს და არა თქვენ, თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ ცაიტნოტში“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა და უთხრა, რომ მათი არავის აღარ ეშინიათ, რადგან ერთადერთი ბერკეტი, რაც ნაციონალებს შერჩათ, ტყუილია.

„არ ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს. დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ, რომელ შიშზე, ვის რა ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ! დღეს ერთადერთი ბერკეტი გაქვთ, საბედნიეროდ, ეს არის, ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიისთვის არა, უმრავლესობის მიერ შემუშავებულისთვის მაინც.

„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, თუ სხვა მითითებები არ გაქვთ, თუმცა, ალბათ, გაქვთ. შეგიძლიათ იმას მაინც დაუჭიროთ მხარი, რაც გამოაცხადა მამა–მარჩენალმა „ქართული ოცნებისა“ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“, – მიმართა უმრავლესობას თინა ბოკუჩავამ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ხუნდაძეს შეახსენა, რომ კანონპროექტზე, რომელსაც ეწინააღმდეგება, მისი და ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერაცაა.

„ამ ინიციატივას, რომელიც უმრავლესობამ 93 დეპუტატის ხელით დაამტკიცა, ხელს აწერს მათ შორის ბატონი დიმიტრი ხუნდაძე და ამავე დროს ამ კანონპროექტის ავტორებში მითითებულია ორი ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ძალიან კომიკურად ხომ არ ჩანს ეს ყველაფერი. მინდა მოგიწოდოთ გონიერებისკენ, თავი დავანებოთ სპექტაკლის მოწყობას, რომელიც ძალიან უნიჭოდაა შესრულებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა. მისი თქმით, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება.

„კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა დეპუტატები, რომელთა განცხადებებსაც ვისმენთ და რაც სიახლე არავისთვის არ არის, ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგნი. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, რატომ არ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებული სისტემა შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირება, კალაძე ამბობს, რომ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.

„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა, განხილვები, ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როცა იქნება სიახლეები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

სოციალისტი სრული არა პროორციულ სისტემას! რატომ? - იმიტომ, რომ საქართველო არ იყოს ე.წ. პოლიტიკური პარტიების საომარი ლელო! ქვეყანას სჭირდება ერთ სულ, ერთ ხორცად ყოფნა, სრული სამოქალაქო კონსენსუსი და არა ამ ბითური პარტიების მიერ საზოგადოების დაყოფა ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, რაც მხოლოდ ხელისუფლებისმოპოვება-შენარჩუნებაში გამოიხატება! სანამდე უნდა ვიყოთ ამათი უმსგავსი ტელეშოუების უტყვი მაყურებელი! ლამისაა ფილარმონია და მუსკომედია ჩაანაცვლონ! ასევე, ამიტომაც, მტკიცე უარი საპარლამენტო რესპუბლიკას!!!
4 წლის უკან
არაგველი641 1. თუ არჩევნები იქნება მთლიანად მაჟორიტარული, მაშინ ბოკერიები და მისნაირები ვერც ერთი ვერც ერთ ოლქში ვერ მოიგებს არჩევნებს.
2. თუკი იქნება პროპორციული, მაშინ ბოკერიები შეძლებენ რაღაცა რაოდენობის დეპუტატების გაყვანას და შემდეგი საარჩევნო პერიოდში ისევ გვექნება აურზაურისა და ქვეყნის დაქცევის ხანა.
3. შერეული სისტემა ალბათ უფრო პრაქტიკული იქნება ქვეყნისათვის.
4 წლის უკან