მეუფე საბა გირჩზე: როცა ჯარი არ სურთ, ეკლესიას ვინ კითხავსო, რომ მოკვდება - ეკლესიამ მიხედოსო

მეუფე საბა გირჩზე: როცა ჯარი არ სურთ, ეკლესიას ვინ კითხავსო, რომ მოკვდება - ეკლესიამ მიხედოსო

"როცა ჯარში არ უნდათ წაყვანა მაშინ ეკლსიას ვინ კითხავსო და როცა გარდაიცვლება ეკლესიამ მიხედოს," - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც გირჩის ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური იყო,  წესს არ აუგებენ სანამ სინოდი ან მღვდელმთავრები არ მოილაპარაკებენ. მიტროპოლიტმა ამის შესახებ ტვ პირველთან ისაუბრა.

"ესე პოზიციას როგორ შევიცვლი? სინოდი როდესაც შეიკრიბება, ან შეიძლება სინოდამდეც მღვდელმთავრებმა შეიძლება ვიმსჯელოთ ამ თემაზე და თუ ეკლესიას, ამ შემთხვევაში მე მომეცემა მინიმალური შესაძლებლობაც კი იმისთვის, რომ მას წესი ავუგოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ზოგადად, ეკლესია განიხილავს გირჩში გაწევრიანებული ახალგაზრდების თაობაზე," - ამბობს მიტროპოლიტი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახმა იცის როგორ უნდა მოიქცეს და წესის აგება დაკრძალვის შემდეგაც შეიძლება.

"წესის აგება შეიძლება მეორე დღესაც, ერთ კვირაშიც და ერთი წლის შემდეგაც. ვიდრე წესის აგება არ მოხდება ოჯახი როგორ უნდა მოიქცეს, მათ ეს უკვე იციან. არ უნდა ამას ზედმეტი ვნებათაღელვა. ოჯახი ღამე მოვიდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად, ჩვენ გირჩის მიერ აგორებულ კამპანიაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვისო და ვემიჯნებით ამ ყველაფერსო. გირჩი ხომ ამბობს ჩვენ ვართ ეპისკოპოსები მღვდლები და ეკლესია, როცა ჯარში არ უნდათ წაყვანა მაშინ ეკლსიას ვინ კითხავსო და როცა გარდაიცვლება ეკლესიამ მიხედოს ახლაო და პასუხისმგებლობის არიდება არ არი ეს?" - ამბობს მეუფე საბა.

გირჩმა გუშინ 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც გირჩს სასულიერო პირებმა უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.