სოსო ფხაკაძე: “ჩნდება შანსი, რომ წყალტუბომ დაკარგული ღირსება აღიდგინოს”

სოსო ფხაკაძე: “ჩნდება შანსი, რომ წყალტუბომ დაკარგული ღირსება აღიდგინოს”

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვა არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა განვითარდეს.

როგორც ფხაკაძემ სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტიციების განხორციელება რეგიონებში კიდევ უფრო მეტადაა საჭირო.

რაც შეეხება უშუალოდ წყალტუბოს, ფხაკაძის თქმით, ძალიან რთულია, მოძებნო ინვესტორი, რომელიც მაღალრისკიან პროექტში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს.

„საკუთარ თავზეც გავიარე და ვიცით, რომ როდესაც ძალიან რთულ ბაზარზე შედიხარ კონკრეტულ სეგმენტში, სადაც მსხვილი მოთამაშეები არ არიან, მაშინ გიწევს, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი რისკი აიღო, ჩადო სოლიდური ინვესტიციები. კერძო მეწარმეები მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ შემოდიან ამა თუ იმ სექტორში, მას შემდგ, რაც რაღაც პლათფორმას შექმნი და გზას გაუკაფავ. ლიგიკურია ვივარაუდოთ, რომ წყალტუბოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დაკავშირებულია ხძალიან მაღალ რისკებთან. მთელი ამ წლების განმავლობაში აღნიშნული კურორტის განვითარება უნდა მოხერხებულიყო, უნდა შესულიყო კერძო სექტორი, ჩაედო მსხვილი ინვეტიციები. მაშინ არ იქნებოდა ტურისტული ინფრასტრუქტურა ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, მიესალმება იმ ნაბიჯებს, რასაც წყალტუბოს განვითარების მიზნით, სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ გეგმავს.

„დღეს გავიგეთ, ამ კურორტის განვითარების რა გეგმა აქვს სახელმწიფოს. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მივესალმებით იმ ინვესტიციას და გარანტიას, რომელიც შეიქმნება აღნიშნული კურორტის განვითარების კუთხით. ჩვენ ასოციაციაში გვყავს კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შეისყიდა სასტუმრო წყალტუბოში და ისინი ამ ახალი ინიციატივის ფონზე, ბუნებრივია ძალიან გახარებულები არიან. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ის, რომ სახელმწიფო და ფონდი ჩადებს ინვესტიციებს, მოაწყობს ინფრასტრუქტურას, წყლის პრობლემები გადაიჭრება და ა.შ.

ყველაზე მეტად ამით ადგილობრივი მოსახლეობა მოიგებს. ჩნდება შანსი, რომ წყალტუბომ აღიდგინოს დაკარგული ღირსება და დაიბრუნოს ტურისტები. საქართველოში ტურისტული ნაკადების და ზოგადად ტურიზმის განვითარების პარალელურად ვითარდება ძალიან ბევრი კომპანია, ვინც დაკავშირებულია ტურისტთან და წყალტუბოს აღორძინება ამ კუთხითაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, თუ ამ პროექტის რეალიზაცია სწორად მოხდება, ძალიან ბევრ სიკეთეს მივიღებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კითხვაზე, პირადადაც ხომ არ ფიქრობთ ინვესტიციის განხორციელებას, ფხაკაძემ უპასუხა: „ჩვენ გვაქვს გარკვეული აქტივი იქ და ვნახოთ, ვფიქრობ, კერძო მეწარმეები არ მიისწრაფვოდნენ წყალტუბოსკენ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო დღეებში გაცხადდა, ეკონომიკური ინტერესი გაიზარდა“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.