“ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ” – თამარ ჩუგოშვილი ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

“ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ” – თამარ ჩუგოშვილი ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის ჭორი, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილი პარტიის შექმნას აპირებენ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს, ჩუგოშვილი ამბობს, რომ „ასეთი თანამშრომლობა გამორიცხულია“.

„ძალიან გთხოვთ ზედმეტად აქტუალიზაციას ნუ გაუკეთებთ თემებს, რომელიც არც რეალისტური არ არის და მეორე – არანაირად ქვეყნის ინტერესებში არ არის. ვისაც რა გაუხარდება შეუძლია ის თქვას. ვიღაცის ნათქვამზე კომენტარებს ნუ გამაკეთებინებთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ ხმები დასჭირდება, განიხილავენ თუ არა ვასაძესთან თანამშრომლობას, ჩუგოშვილმა აღნიშნა: „ამაზე ვილაპარაკებთ იმ შემთხვევაში, თუ ხმებს „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს, მე ვფიქრობ, რომ ხმებს მოვაგროვებთ და არც ერთი ხმა არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ „სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი“. ლევან ვასაძის თქმით, არავითარი პოლიტიკური გარიგება შეხვედრაზე არ შემდგარა.